რას წერდა “ცნობის ფურცელი“  1887 წელს ლანჩხუთის თეატრზე

რას წერდა ვალერიან გუნიას რედაქტორობით გამომავალი გაზეთი „ცნობის ფურცელი“  1887 წლის 14 აგვისტოს ნომერში ლანჩხუთელ სცენის მოყვარულების მიერ  ვალერიან გუნიასავე პიესის დადგმასთან დაკავშირებით

 

დ. ლანჩხუთი (გურია). ქართული საქველ-მოქმედო წარმოდგენა. კვირას, სამს აგვისტოს, ლანჩხუთის სკოლის დარბაზში სცენის მოყვარულთა მიერ წარმოდგენილ იყო საქველ-მოქმედო მიზნით, ხუთ მოქმედებიანი დრამა „და-ძმა“ ვ. გუნიასი. მონაწილებას ღებულობდნენ ქ-ნნი მამულაიშვილი, წილოსანი, ბ-ნნი ძმ. გუგუნავები, კვეტაიშვილი, ჯორბენაძე და სხვანნი. უნდა აღვნიშნო, რომ ახალგაზრდა სცენის მოყვარეებს დრამა კომედიათ გამოჰყავდათ და ხალხიც ხელს უწყობდა თავიანთის სიცილ-ხარხარით! მე სრულებითაც არ ვამტყუნებ აქ ხალხს, რადგანაც თვით წარმოდგენა შეუგნებელთათვის სასაცილო იყო, ხოლო შეგნებულთათვის სატირელი და სამწუხარო. რადგან პიესა დაამახინჯეს, სცენას და წარმოდგენას მნიშვნელობა დაუკარგეს და ესეც, რომ აღარ აკმარეს სხვა-დასხვა ოხუნჯური სიტყვების გამორევა დაიწყეს პიესაში.

საკვირველია სწორედ ახალგაზრდა სცენის მოყვარეებისაგან, რისათვინ ჰკიდებენ ხელს ასეთ პიესებს, რომლის წარმოდგენა მათგან შეუძლებელია. ხალხსაც წარმოდგენას აძულებენ, პიესას ამახინჯებენ და ღირსებას უკარგავენ. განა უმჯობესი არ იქნებოდა, დრამის მაგიერ კომედია ან ვოდევილი ეთამაშნათ, ხალხსაც უფრო ასიამოვნებდნენ და თვით სცენის მოყვარეებისთვინაც ადვილი სათამაშო იქმნებოდა?! ნუ იფიქრებთ, ახლგაზრდა მსახიობნო, მარტო ენის ამოდგმა იყოს საკმარისი სცენაზე! საჭიროა როლის ცოდნა, მიხვრა-მოხვრა, სახის გამომეტყველება და სხვა. საჭიროა აგრეთვე სცენის მოწყობა, ტანზეთ ჩაცმულობა, როგორც მოითხოვს პიესა და არა ისე როგორც თქვენ მოიქეცით. წუღა-საცვეთის მაგიერ „პოლსაპოჟკებით“ დაბაკუნობდით სცენაზე და ხელოვნური წვერების მაგიერ ცხვრის მატყლით პირი აკრული გქონდათ…

დიდი მადლობის ღირსია თავ. დ. გუგუნავა, რომელმაც მიიღო მონაწილეობა და მან მხოლოდ თავისი კარგის თამაშით დანარჩენების უვარგისობა გაასწორა. თავ. გუგუნავა ნამდვილ ოტია ჯოლიას ტიპს წარმოადგენდა. მაგრამ მარტო ერთი რას გააწყობდა, როცა დანარჩენები ვერ უწყობდნენ ხელს, როგორც საჭირო იყო.

მომავლისთვინ ვურჩევ ახალგაზრდა სცენის მოყვარეებს, ისეთ პიესებს მოჰკიდონ ხელი, რომელიც ემარჯვებათ და რომელიც უფრო შეეფერება დაბა სოფლების მაყურებელთა.

დიდი მადლობის ღირსია ქ-ნნი ქავთარაძისა, რომელმაც იკისრა ამ საქმის მეთაურობა და ბილეთების გაყიდვა, მაგრამ წარმოდგენამ-კი ჯეროვანი ზეგავლენა ვერ იქონია, რაც ფრიად სამწუხაროდ დაურჩა ხალხს.

საზოგადოება დიდძალი დაესწრო. შემოსავალი 70 მანათზე მეტი იყო. ეს მით უფრო საკვირველია, რომ შენობა ძლიერ პატარა იყო და ამოდენა ხალხი კიდევ დაეტია.

ვისურვებთ მომავალშიაც ასე თანაგრძნობით მიჰგებებოდეს ხალხი ქართულს წარმოდგენებს.

 

კონტი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share