უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, თქვა, რომ მომავალ თვეში NATO-ს სამიტზე უკრაინა MAP-ის მიღებას არ ელის, რადგან ალიანსის ზოგი წევრი სახელმწიფო ღელავს, რომ ეს რუსეთის პროვოცირებას გამოიწვევს.
“რაც შეეხება დაბრკოლებებს, სამწუხაროდ, მოკავშირეებს შორის კიდევ რამდენიმე ქვეყანაა, რომლებიც ხელმძღვანელობენ ლოგიკით, რომ რუსეთის პროვოცირება არ უნდა გამოიწვიონ და თვლიან, რომ ჯდომა და არაფრის კეთება საუკეთესო გზაა რუსეთის სიმშვიდის შენარჩუნებისთვის”.
7 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, NATO-ს გენერალურ მდივანს, იენ სტოლტენბერგს Twitter-ზე მიმართა, რომ უკრაინისთვის NATO-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიცემა რუსეთისთვის ნამდვილი სიგნალი იქნება იმისათვის, რომ აგრესია დაასრულოს.
9 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიტვა NATO-ს წევრ ქვეყნებს შესთავაზებს, უკრაინას NATO-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP-ი) მისცენ.
15 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შედგა სატელეფონო საუბარი, რის შემდეგაც ზელენსკიმ თქვა:
“მე სრულიად ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს, რომ უკრაინისა და საქართველოსთვის კონკრეტული შემოთავაზებების დროა NATO-ს MAP-ის მიღებასთან დაკავშირებით და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმის შესახებ”.