გიგანტურ პანდებს აღარ ემუქრებათ გადაშენების საშიშროება. პანდა ჩინეთის სიმბოლოდ არის მიჩნეული და ამ ქვეყნის გარდა მისი პოპულაცია არსადაა გავრცელებული.
BBC-ის ინფორმაციით, ბუნების დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გიგანტური პანდების მდგომარეობას შემაშფოთებელს აღარ უწოდებს და მათ სტატუსს დამაკმაყოფილებლად აფასებს.
დღეში მოზრდილ პანდას 30 კილომდე ბამბუკი სჭირდება, ამიტომაც ჩინეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში ბამბუკის ნათესების რიცხვის ზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
სტატუსის ცვლილება პანდების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებამ გამოიწვია. აღნიშნული ღონისძიებები კი ჩინეთის ხელისუფლებამ განახორციელა – განაცხადა ქვეყნის გარემოს დაცვის დეპარტამენტის მეთაურმა, ცუი შუხუნმა.
გიგანტური პანდა გარეგნობის გამო საბავშვო სათამაშოს უფრო მოგაგონებთ, ვიდრე ველურ ცხოველს. მათ ასევე ბამბუკის დათვსაც უწოდებენ. პანდა ჩინურიდან პირდაპირ თარგმანში დათვ-კატას ნიშნავს.
პანდები 20 წელიწადს ცოცხლობენ. მამრის მაქსიმალური ზომა 180 სანტიმეტრი, წონა კი 160 კილოა.
პანდებს დღეში 12 საათის განმავლობაში სძინავთ, დანარჩენ დროს კი ბამბუკის ჭამით არიან დაკავებული.
პანდების პოპულაციის გავრცელების ყველაზე დიდი პრობლემა არის ის ფაქტი, რომ ეს ცხოველები იშვიათად კავდებიან სექსით, ბუნებრივი არეალის ოდნავ ცვლილების შემთხვევაში კი გამრავლების მეთოდზე საერთოდ უარს ამბობენ.
იმისათვის, რომ პანდების რიცხვის გაზრდა გამოიწვიონ და ცხოველები აღაგზნონ, სპეციალისტები მათ ხშირად პორნოვიდეოებსაც აყურებინებენ, სადაც მონაწილე პირებიც ადამიანები არიან.
პანდების წყვილს 2-ზე მეტ ნაშიერი იშვიათად ჰყავს. პატარა პანდის წონა კი მხოლოდ 150 გრამია.
1957 წლიდან ჩინეთში არსებობს ტრადიცია, რომლის მიხედვითაც მეგობრულ სახელმწიფოს დიპლომატიური საჩუქრის სახით წყვილი პანდა ეგზავნება.
ტრადიცია მე-7 საუკუნიდან მომდინარეობს. როცა ჩინეთმა მეგობრობის ნიშნად იაპონიის იმპერატორს წყვილი პანდა გაუგზავნა.
მსოფლიოს ზოოპარკებში არსებული ყველა პანდა ჩინეთის საკუთრებად ითვლება, მათი სიკვდილის შემთხვევაში სახელმწიფომ ჩინეთს მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა უნდა გადაუხადოს, ახალი ნაშიერი კი, მსოფლიოს რომელ ქვეყანაშიც არ უნდა დაიბადოს, აუცილებლად ჩინეთს უნდა გადაეცეს.