პროფესორი, ბიოტექნიკური კომპანია BioNTech-ის თანადამფუძნებელი და პოტენციური ვაქცინის გამომგონებელი, უღურ შაჰინი, ამბობს, რომ კორონავირუსის ვაქცინა 2021 წლის ზაფხულისთვის უკვე საგრძნობად ამოქმედდება და მომავალი წლის ბოლოს “ნორმალური ცხოვრება დაბრუნდება”. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აქვე გეტყვით, რომ აშშ-ის ფარმაცევტული კომპანიის, Pfizer-ისა, და გერმანული BioNTech-ის მიერ ერთობლივად შემუშავებულმა ვაქცინამ 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა.
გაერთიანებულმა სამეფომ კომპანიას პოტენციური ვაქცინის 30 მილიონი დოზა უკვე შეუკვეთა, საიდანაც 10 მილიონს წლის ბოლოსთვის ელოდება – პირველ რიგში ის მიეწოდებათ მაღალ რისკ-ჯგუფში შემავალ ადამიანებს: მოხუცებს, თანმხლები დაავადებების მქონე პირებსა და მედ.პერსონალს.
BBC-სთან საუბრისას უღურ შაჰინი დარწმუნებულია, რომ ვაქცინა შეამცირებს ვირუსის გადადების რისკს და შეამსუბუქებს სიმპტომებს.
“მე მჯერა, რომ კორონავირუსის გადაცემა 90%-ით არა, მაგრამ 50%-ით მაინც შემცირდება – არ უნდა დავივიწყოთ, რომ ესეც სერიოზულად შეუშლის ხელს პანდემიის გავრცელებას”, – ამბობს უღურ შაჰინი
პროფესორი ვარაუდობს, რომ თუ ვაქცინის შემუშავების ყველა ეტაპი გეგმის მიხედვით წარიმართება, ის ხელმისაწვდომი უკვე წლის ბოლოსთვის ან 2021 წლის დასაწყისითვის იქნება.
“ზაფხულისთვის ვირუსის გავრცელება მნიშვნელოვნად შეფერხდება. ჩვენი მიზანია, მსოფლიოს 2021 წლის აპრილისთვის ვაქცინის 300 მილიონი დოზა მივაწოდოთ”, – თქვა შაჰინმა.
აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბიუჯეტის პროექტში, რომელიც მთავრობამ წარმოადგინა, ნავარაუდებია, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, შესაძლოა, ქვეყანამ 2022 წლის მეორე ნახევრამდე ვერ მიიღოს.
დარგის ექსპერტები საუბრობენ იმაზეც, რომ საქართველომ სეზონური გრიპის ვაქცინის შემოტანაც დააგვიანა და რაც შემოიტანა, ანუ 230 000 დოზა – არასაკმარისია.
თავის მხრივ, დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, თქმით, საქართველომ კორონავირუსის პოტენციური ვაქცინის შესაძენად 700 000 დოზისათვის შესაბამისი თანხა უკვე გადარიცხა.