ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაპატიმრებას უარყოფით ნაბიჯად აფასებს.
როგორც მან “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში აღნიშნა, ამ საკითხთანაა დაკავშირებული, გაჩნდება თუ არა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მიმართ ახალი კითხვები და ეჭვები დასავლელი პარტნიორების მხრიდან.
“ეს საქართველოსთვის ნეგატიურ ელემენტად მიმაჩნია, მაგრამ თავს შევიკავებ ამ საკითხზე დეტალურად საუბრისგან რადგან არ ვიცი რა არის მის წინააღმდეგ ბრალდებები და ამასთან არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა მან ასე მოულოდნელად საქართველოში უკან დაბრუნება. შესაბამისად, ამ საკითხზე კომენტარს არ გავაკეთებ. მაგრამ როდესაც სიტუაციას გარედან უყურებ, იმის იმედი მაქვს, რომ მას სამართლიანი პროცესი ჩაუტარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს მიმართ არა მხოლოდ კანონის უზენაესობის თვალსაზრისით, არამედ ზოგადად, ქვეყნის მდგომარეობის შესახებ ახალი კითხვები გაჩნდება”, – თქვა რასმუსენმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 28-ე დღეა შიმშილობს. გუშინ მან განაცხადა, რომ შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე უარს აცხადებს.