თითქმის ნახევარი საუკუნის წინ, 36 წლის თუში მეცხვარე, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ლექსი, რომელიც სატრფოს მიუძღვნა, წლების შემდეგ პოპულარულ ქართულ სიმღერად იქცეოდა, მას კი ავტორობის მტკიცება სასამართლოში მოუწევდა.
„მთიდან ჩამოვედი და ამხანაგები მეუბნებიან, შენზე ლექსია დაწერილიო. შატილის ასულოო, მაგრამო ფატიმა სწერია, შენ მოგიძღვნაო. მე კიდევ ვიცი რატომ, წინა წელსაც მითხოვა, იმის წინაც მითხოვა და მე უარი ვუთხარი. რაღაცით მაინც უნდა მოვეხიბლე. ისეთი ლამაზი სიტყვები იყო, მე თვითონ ვისწავლე, მუსიკა მასწავლებელმა დაგვიწერა და გუნდში გვამღერა. ეს ლექსი დამრჩა და მთელი სოფელი შატილის ასულს მეძახდა“.
„შატილის ასული“, ფატიმა წოტოიძე მაშინ 20 წლის იყო, თუში მეცხვარე იოსებ ლონგიშვილი კი მასზე 16 წლით უფროსი. გათხოვებაზე ორჯერ უარიც ამ მიზეზით უთქვამს, თან სწავლის გაგრძელებაც სურდა.
„მაღალი ვიყავი, მეტრი და 85 სანტიმეტრი. ჩემზე მაღალი არცერთი გოგო არ იყო სოფელში. თავს ვიწონებდი კაცო. გინდაც ლამაზი არ იყო, ტანადობა ხელს გიწყობს, გალამაზებს კიდეც. ყველას თავს ვაწონებდი, სიყვარული ისე მინდოდა“.
ორი უარის შემდეგ იოსებ ლონგიშვილი ქალის დეიდასთან მისულა ხელის სათხოვნელად. დედა სახლში არ ყოფილა, მის გარეშე მიუღიათ გადაწყვეტილება.
„დეიდაჩემი მეუბნებოდა, ის უნდა შეირთო, ვისაც შენ უყვარხარ, განა ვინც შენ გიყვარსო. ამ კაცს მე აქედან არ გავაბრუნებ, მე ვარ უფროსი და უარი არ უნდა თქვაო. არ მინდოდა მეცხვარე შემერთო ქმრად. ყველას დიპლომიანი ქმრები ჰყვანან და ეხლა მე მეცხვარე? არა, მეც თავი მომწონს. მაგრამ, არაუშავსო ვიფიქრე, იმხელა ჭკუა აქ, რომ ყველა დიპლომიანს აჯობებს“.
„შატილის ასულოს“ ტექსტი დღემდე რამდენჯერმე შეიცვალა – თავდაპირველ ვერსიაში, 1960 წელს, პოეტს „შატილის ასულო, ლერწამო ფატიმა“ დაუწერია და არა „ლერწამო ტანისა“, როგორც ეს დღეს არის გავრცელებული.
მომდევნო წლებში ლექსის სათაურად ავტორმა „ხადიშათ“ მიუთითა, პირველი სტროფი კი ასე ჟღერდა – „ჩეჩენთა ასულო, ლერწამო ხადიშათ“. 1995 წელს იოსებ ლონგიშვილის პოეტურ კრებულში კი ლექსი „შატილის ასულოს“ სახელით შევიდა, თუმცა პირველ სტრიქონში, ფატიმას ნაცვლად, კვლავ ხადიშათ წერია.
– მაგ სახელის გოგოსაც ხომ არ ეტრფოდა? – ხუმრობით ვკითხეთ ფატიმა ბებოს.
„ეგ იმიტომ წერია, რომ მთავრობას სჭირდებოდა. ჩეჩნებთან დავმეგობრდით და ეგრე დაწერეო, უთხრეს. სთხოვეს და დაწერა. მერე როგორ ვიჩხუბეთ, შენ ფატიმა აღარ გიყვარს, ხადიშათი გიყვარს და იქამდე წავიდა საქმე, რომ უნდა გავყრილიყავით. ვუთხარი, თუ მაგ ლექსში მაგ სიტყვას იხმარ, გაგეყრები, დღეის მერე შენი ცოლი აღარ ვარ, ვინც გინდა ის იყოს“.
– რომ არ გაეყარეთ და წიგნში მაინც ხადიშათ წერია?
– ეს არაუშავ, ვაპატიე.
„შატილის ასული“ თუშია, ხევსურეთში არასდროს უცხოვრია: „ლამაზად რომ გამოსულიყო ლექსი, მთებიდან მთებში გვეფრინა. თუშეთიდან, თუშეთში ხომ ვერ წამიყვანდა“.
ლექსზე სიმღერა, მისი შექმნიდან მალევე, თუშმა მასწავლებელმა თამარ ქააძემ დაწერა. მას შემდეგ, ტექსტის მსგავსად სიმღერის შესრულების სტილიც ბევრჯერ შეიცვალა. 2001 წელს სიმღერა საფრანგეთში, გასტროლებზე მყოფმა ანსამბლმა „ერისიონმა“ შეასრულა, თუმცა „შატილის ასულოს“ „ერისიონის“ რეპერტუარში „სამაია“ ერქვა და ავტორად ხალხური იყო მითითებული.
„პირველად რომ ტელევიზორში მოვისმინეთ „შატილის ასულოს“ მღერიან, გაგვიხარდა. მერე გამოაცხადეს, რომ ეს ლექსი არის ხალხური, ამას პოეტი არა ჰყავსო. გავბრაზდით, გავნერვიულდით, განა მარტო ჩვენ, მთელი სოფელი აყალმაყალში იყო, ეს რა თქვესო“.
იმის დასამტკიცებლად, რომ ლექსის ავტორი ნამდვილად იოსებ ლონგიშვილია, ოჯახს სამი ინსტანციის სასამართლოს გავლა მოუწია. პოეტმა თბილისის სასამართლოს სარჩელით 2004 წლის 8 იანვარს მიმართა. დავა ხუთ წელს გაგრძელდა. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა საქმე „ერისიონის“ სასარგებლოდ გადაწყვიტეს, ლექსის ავტორად იოსებ ლონგიშვილი უზენაესმა სასამართლომ მხოლოდ 2009 წელს აღიარა, მაშინ როცა პოეტი უკვე 3 წლის გარდაცვლილი იყო.
„ისე ძალიან განიცადა, ფეხზე იყო, მაგრამ ლოგინად ჩავარდა. იმდენი ინერვიულა, იმდენი, რომ ბოლოს გადაყვა.
ეს იოსები განსაკუთრებული კაცი იყო. იცი რით? მთა უყვარდა გაგიჟებამდე. ვეხვეწებოდი, ქვეყანა რუსეთში მიდის, მოდი, ჩვენც წავიდეთ, რაღაცა გავაკეთოთ. რუსეთში რომ წავიდე, იქ მთები არ არი, რა უნდა ვქნაო. ტრიალ მინდორში ლექსებს როგორ დავწერო“.
იოსებ ლონგიშვილს ეკუთვნის კიდევ ერთი ცნობილი სიმღერის ტექსტი. „რა კარგი იყო თუშეთი“, რომელსაც დღეს ხალხი „რა ლამაზია თუშეთის“ სახელით უფრო იცნობს. მეუღლე ამბობს, რომ ეს ლექსი ლაშარობიდან ჩამოსვლის შემდეგ დაწერა და სოფელ ჩიღოს მიუძღვნა.
75 წლის ფატიმას ქმრის ჰიტებად ქცეულ ლექსებზე მეტად მაინც ის ლექსი უყვარს, რომლითაც მისი და იოსების სიყვარულის ისტორია დაიწყო. სატრფოსთვის მიძღვნილი პირველი ლექსი იოსებს ალაზნისთავში, ფატიმასთან შეხვედრის შემდეგ დაუწერია.
„იქ დარჩა ტიალი გული, სადაც ალაზნისთავია,
სხვამ არ წამართვას ლამაზი, მთებო, გეჭიროთ თვალია…“
„მომეწონა, იგრე მომეწონა ეგ სიტყვები. მთაში კაცო, მთებს ავალებს რომ სხვამ არ წამართვას ლამაზი ქალიო. იქიდან დაიწყო..
მინდა რომ იმღერონ. გთხოვთ, ვინც კარგი მღერა იცის, იმღეროს რა. სანამ მოვკვდები, მანამ იმღერონ“.
შატილის ასულო
შატილის ასულო, ლერწამო ხადიშათ,
სწორებში აგირჩევ ვაჟკაცის ხელითა,
შატილის მთებიდან თუშეთში წაგიყვან,
კლდეებზე მფრინავი საღარა ცხენითა.
ბიჭავ, მეც მათრთოლებს ხუჭუჭი თმები და
კლდეებზე ძგრიალი მაგ ცხენის ნალისა,
პატარძლად წამიყვა შატილის მთებიდან,
მაყრებად გაგყვება ვარსკვლავნი ღამისა.
ფრიალოს ბილიკზე ამ მკერდით გატარებ,
გრიგალში დაგიცავ მეცხვარის ნაბდითა,
კლდის ზვავის ნაჟურით დაგიბან მაგ თვალებს,
შეგმოსავ პირიმზით ნაქარგი კაბითა.
მზითვებად ცხვრის ფარას მოვრეკავ მთებიდან
და მაყრულს დავუკრავ შურთხების ქნარითა,
დღის სიცხეს დავადნობ წამწამთა ფრთებით და
ჯარჯივით დაყრილი ამ თმების ქარითა.
შევუღლდეთ, შევერთდეთ, ლერწამო ხადიშათ,
ვით მთათა ჩანჩქერნი ერთმანეთს ერთვიან,
თუშეთში მზე ნათობს ხევსური ქალისაც,
თუშთა და ხევსურთა დღეს ფიქრნიც ერთია.
ტრფიალი ვაკურთხოთ, ვაჟაუ, ცივი წყლით,
მირონი ავიღოთ ბორბალოს ხევიდან,
შატილის მთებიდან მოყვრობის ბილიკი
ალვნისკენ გადავჭრათ საღარა ცხენითა.
თუშ მოყმეს თვალთაგან ცრემლები დამცვივდა
მთებისკენ ცქერაში და ტიალ ლოდინში…
უშენოდ ალვანი ყინვა მწვავს და მცივა-
შავი კლდის შავ ნატეხს, იოსებ ლონგიშვილს.
იოსებ ლონგიშვილი (1926 – 2006)
სტატია აღებულია გვერდიდან : mtisambebi.ge
ფოტოზე არიან: იოსებ ლონგიშვილი და ფატიმა წოტოიძე