9 წლის განმავლობაში არჩევნებიდან არჩევნებამდე მოტყუებული მოსახლეობა და ყველა არჩევნების შემდეგ უფრო მეტად მადა გაღვიძებული ხელისუფლება-ასეთია რეალობა, რომლის გაპროტესტებასაც მხოლოდ მაშინ იწყებენ მოტყუებულები და გადაგდებულები, როცა არც არავინ უსმენს და არც არავის აღარ სჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო მსუყე დაპირებები “ოცნების” ხელწერაა და ერთგვარი ანკესი, რაც შეიძლება მეტი ხმების წამოსაგებად, ეს ხელს არ უშლის არც პედაგოგების უმრავლესობას, არც საბავშვო ბაღში დასაქმებულებს და არც სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებს, რომ წინსაარჩევნოდ ჩვეულებრივ მოირგონ პარტიის კოორდინატორების როლი და სხვებიც აიძულონ ხმა მისცენ “განვითარებას, აღმშენებლობას, ადამიანის უფლებების დაცვას, ჯანსაღ ეკონომიკას”… არჩევნების შემდეგ კი, ცალკე პატიმრების ოჯახის წევრები ჯავრობენ- დაგვპირდნენ გამოშვებას და მერე გვემალებიანო, ცალკე ხელფასის გაზრდის მომლოდინეები- მათხოვრული ხელფასები გვაქვს და ასე სადამდე გავუძლებთო?! აქეთ სოციალურად შეჭირვებულები ტირიან-21-ე საუკუნეში ადამიანებს ელემენტარული პირობები როგორ უნდა გვენატრებოდესო?! აქეთ გზები ვერ გაუწმენდიათო, შუქი მიაქვს უამინდობასო, ტრანსპორტი და საკვები ძალიან გაგვიძვირდაო… ამ საყოველთაო მოთქმასა და დაგვიანებულად თავში ხელების ცემის პარალელურად, აგერ სულ რაღაც ორი დღის წინ, ოზურგეთის საკრებულოს უმრავლესობამ უმცირესობისთვის მაიმუნისა და უზრდელების ძახილის ფონზე დაამტკიცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, საკრებულოს თავმჯდომარის ყოველთვიური ხელფასი 4 510 ლარი გახდა, მისი პირველი მოადგილის 3 410, მეორე და მესამე მოადგილეები 2 970 ლარს მიიღებენ, კომისიის თავმჯდომარეები 2 420, ფრაქციის თავმჯდომარე 2 200, ხოლო მათი არც თუ ისე ცოტა მოადგილეები 1 760 ლარს. ამ დროს, მაგალითად, მარტო საბავშვო ბაღებში 200 – მდე თანამშრომელი მთლად უსამსახუროდ და ულუკმაპუროდ დარჩა. კი ალაპარაკდნენ- არჩევნებისთვის გამოგვიყენეს და ახლა მოგვიშორესო, მაგრამ, აზრი?! ჰოდა, დარჩა ასე ზაფხულამდე აღმზრდელიც, მისი თანაშემწეც, მასწავლებელიც, დამლაგებელიც და დარაჯიც მიზერულ, ან როგორც თავად ამბობენ “მათხოვრულ ხელფასზე”, მაგრამ რა მოხდა მერე? აგერ ოზურგეთის მუზეუმის თანამშრომლები არ მუშაობენ ყოველთვიურად 240-300 ლარზე თუ რა?! რაზეც თურმე ჯერ კიდევ არჩევნებამდე ძალიან შეწუხებულა არჩილ თალაკვაძე და როგორც ერთ ერთი თანამშრომელი გვიყვება, თანაგრძნობით უთქვამს-“ეს ხელფასი ფაქტობრივად სოციალურად დაუცველთა ფულად შემწეობას უტოლდება” – ო და რა თქმა უნდა შესაბამისი დაპირებაც გაუცია, მის გაორმაგებასთან დაკავშირებით, მას შემდეგ გაორმაგებული ხელფასები ნამდვილად ვნახეთ, ოღონდ ჯერ “მათიანების”.
ჰოდა, აცადეთ, აუცილებლად მოგხედავენ თქვენც, როცა მათ პირად კომფორტს მოიწყობენ. რამეს მაინც როგორ არ მოიტოვებენ თქვენთვის, თუნდაც 10%, ან 20%-ს, თუ არადა, აგერ 2-3 წელიწადში რომელიმე არჩევნები მოგისწრებთ და რამეს ისევ როგორ არ დაგპირდებიან???!