ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია:
“რუსეთის მხრიდან თითქოსდა ჯარის დანაყოფების უკან გაწვევა, მგონი, რომ უნდა განვიხილოთ არა სამხედრო კონტექსტში, არამედ პროპაგანდის კონტექსტში. ეს არის იმ საინფორმაციო ომის ნაწილი, რომელიც ამ ეტაპზე მიმდინარეობს და წინ უსწრებს სამხედრო ქმედებებს. ამ საინფორმაციო ომში რუსეთი დამარცხებულად გამოიყურება დღემდე. არა მგონია, რუსულ ტაქტიკას მსოფლიოს ლიდერები სერიოზულად და მოცემულობად ან საკუთარ წარმატებად მიიჩნევდნენ. ეს არის საინფორმაციო ომში რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი ნაწილი.
გავიხსენოთ, 2008 წლის ომის საინფორმაციო ველი, საომარ მოქმედებებამდე ცოტა ადრე რუსეთი ვითომ ცლის რუსული სამხედროებისგან სივრცეს, ტოვებს მხოლოდ შერეულ “სამშვიდობოებს”, პარალელურად აძლიერებს პროვოკაციებს, იწყებს შეიარაღებულ პროცესებს, ისე, რომ ცდილობს თავად არ გამოჩნდეს როგორც მხარე, მხოლოდ შემდეგ ერთვება ვითომდა “იძულებით” და “მშვიდობის იძულებას” ახდენს. ამ დროს რუსეთის პროცესი გადააქვს საომარ მოქმედებებში, რომელშიც საპასუხოდ საქართველოც ერთვება, თუმცა, მოკლე პერიოდში განხორციელებული მოქმედებების გამო, ზოგისთვის დღემდე დგას კითხვა, საომარ მოქმედებებში რომელი იყო პირველი, რუსული თუ ქართული მხარე, ოღონდ აქ საუბარია არა ზოგადად ომის პროცესზე, არამედ საომარი სტანდარტებით მოქმედებების გაგრძელებაზე. ეს რუსული პროპაგანდის მეთოდია.
ასეთივე მეთოდოლოგიით ცდილობს რუსეთი უკრაინაშიც მოქმედებას, მითუმეტეს, რომ რუსეთი, 2008 წლისგან განსხვავებით, ახლა უფრო “გამოიჭირეს”, როგორც მოქმედებების მხარე და მაპროვოცირებელი. შესაბამისად, რუსეთი ახლა ცდილობს ითამაშოს “კონსტრუქციული”, “კომპრომისზე” ორიენტირებული “მშვიდობიანი” მხარე, რომელიც “არ ერთვება”. ამის პარალელურად კი გააძლიეროს პროვოკაციები და პროვოკაციების კონტექსტში შეიარაღებული თავდასხმები, რომელზეც იმედი აქვს, რომ გადაიზრდება ფართო საომარ რეჟიმში, რომელშიც შემდეგ, რუსეთი, ისევე როგორც 2008-ში ვითომდა “იძულებით” ჩაერთვება.
ეს პროცესი შეიძლება უფრო გახანგრძლივდეს კიდეც, არაა გამორიცხული. ამ შემთხვევაში, პარალელურად, რუსეთი შეეცდება ევროპულ-ამერიკული ერთიანობის დაბზარვას ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოზე მეტი ზემოქმედებით, სხვა და სხვა ფორმით.
საქმე ისაა, რომ რუსული ხერხები ორიგინალურობით არ გამოირჩევა, ის ჩაბეტონებული პროპაგანდისტული მიდგომებია, რომელსაც, იმედია, მსოფლიოს ჩემზე ბევრად უფრო კვალიფიციური სპეციალისტები და სტრატეგოსები კარგად აცნობიერებენ.
რუსეთი რასაც იღებს მიზანში, არ ეშვება, ან მხოლოდ ძალადობით, ის ან იგებს ან აგებს, მაგრამ რაციონალურად არასდროს იქცევა.
რუსეთს არ უყვარს მშვიდობა და არ უყვარს კეთილგანწყობითი ურთიერთობები, რუსეთს იზიდავს სიძულვილი და იძულება. მხოლოდ ამ ფაქტორებით თუ ჩერდება საბოლოო ჯამში ის, ან პირიქით, მოქმედებს ამ ფაქტორებით.”