იენს სტოლტენბერგი – რუსეთის მხრიდან დეესკალაცია, ჯერჯერობით, არ გვინახავს – ის, რასაც რუსეთისგან ვხედავთ, უკრაინის საზღვრებთან გაძლიერებული სამხედრო ყოფნაა

რუსეთის მხრიდან დეესკალაცია, ჯერჯერობით, არ გვინახავს, მაგრამ რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით მათ მოქმედებებს და თუკი ნამდვილად დაიწყებენ ძალების გაყვანას, ამას ჩვენ მივესალმებით, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ძალებს წინ და უკან გადააადგილებს, საბოლოო ჯამში კი, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ძალების რაოდენობა იზრდება.

„ისინი ყოველთვის გადააადგილებენ ძალებს წინ და უკან, მაგრამ ტენდენცია, რასაც ჩვენ ბოლო კვირებსა და თვეებში ვხედავთ, არის რუსეთის ძალების სტაბილური ზრდა უკრაინის საზღვრებთან. რუსეთი ინარჩუნებს უკრაინაში სრულფასოვანი შეჭრის შესაძლებლობას.

ის, რასაც რუსეთისგან ვხედავთ, უკრაინის საზღვრებთან გაძლიერებული სამხედრო ყოფნაა, მაგრამ, ამავე დროს ვხედავთ გზავნილს რუსეთისგან, რომ ისინი დიპლომატიას შანსს მისცემენ, ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, მათ შევხვდეთ, ვესაუბროთ და დიპლომატიური გამოსავალი გამოვძებნოთ, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ ასევე მზად ვართ ყველაზე უარესისთვის. ასე რომ, ვიმუშავებთ ძლიერად საუკეთესო, მშვიდობიანი პოლიტიკური გამოსავლის მოსაძებნად, მაგრამ ასევე მზად ვართ უარესისთვის, რომ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში,“- განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის დღის წესრიგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი თემა ევროპული უსაფრთხოების საკითხი იქნება.

„ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთისთვის შემდეგი გზავნილის გაგზავნას: მზად ვართ დავსხდეთ და მათთან დიალოგი გავმართოთ, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ მზად ვართ ყველაზე უარესისთვისაც და თუკი რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში, ისინი ამისთვის მაღალ ფასს გადაიხდიან. მაგრამ ნამდვილად იმედი გვაქვს, რომ რუსეთი ჩაერთვება დიალოგში და დაპირისპირების ნაცვლად აირჩევს დიპლომატიას და ჩვენ მზად ვართ, დავსხდეთ და პოლიტიკური გამოსავალი ვიპოვოთ.

ვფიქრობ, რომ გზავნილები და ნიშნები, რაც ჩვენ გუშინ მოსკოვიდან დავინახეთ, იძლევა გარკვეულ საფუძველს ფრთხილი ოპტიმიზმისთვის. რადგან იყო გზავნილი დიპლომატიის შესახებ და ჩვენ მზად ვართ რუსეთთან დიპლომატიურ დიალოგში ჩავერთოთ იმისთვის, რომ კრიზისი გადავჭრათ. მაგრამ, ამავე დროს ჩვენ არ გვინახავს რუსეთის ძალების გაყვანის რაიმე ნიშნები და ეს, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება გზავნილებს დიპლომატიური მცდელობების შესახებ. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით იმას, თუ რა ქმედებებს ახორციელებს რუსეთი უკრაინასა და მის ირგვლივ. რასაც ჩვენ ვხედავთ არის ის, რომ მათ გაზარდეს ჯარისკაცების რაოდენობა,“- აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ნატო-ს თავდაცვის მინისტრები უკრაინელ და ქართველ კოლეგებს შეხვდებიან და საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობას განიხილავენ.

„მინისტერიალის დროს ყურადღებას გავამახვილებთ ევროპული უსაფრთხოების საკითხზე, ამავე დროს გვექნება შეხვედრებიც. შევხვდებით ჩვენს უკრაინელ და ქართველ კოლეგებს და ეს იქნება პლატფორმა, რომ განვიხილოთ ევროპაში ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობა,“- აღნიშნა სტოლტენბერგმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share