დიდი და საყოველთაო შემსუბუქება – ხომ არ იჩქარა საკოორდინაციო საბჭომ და როდის მოვიხსნით პირბადეებს

როგორც ჩანს, კორონავირუსთან დაკავშირებით მოვლენები ჯერჯერობით ოპტიმისტური სცენარით ვითარდება და ზამთართან ერთად შესაძლოა ეპიდემიაც თანდათან დასრულდეს. სამშაბათს საკოორდინაციო საბჭომ აქამდე მოქმედი შეზღუდვების ნაწილი მნიშვნელოვნად შეამსუბუქა, ნაწილი კი საერთოდ გააუქმა. სპეციალისტები ამ გადაწყვეტილებებს მხოლოდ ნაწილობრივ ამართლებენ და „რეზონანსთან” საუბარში აცხადებენ, რომ ზოგიერთი შეზღუდვის მოხსნა და შემსუბუქება ნაადრევი იყო.

საბჭოს 22 თებერვლის გადაწყვეტილებების ნაწილი უკვე სამშაბათიდანვე შევიდა ძალაში, ნაწილი კი 1-ლი მარტიდან ამოქმედდება. გარდა ამისა, დაანონსდა, რომ ვითარებიდან გამომდინარე, 1-ლი მარტიდან შესაძლოა დამატებით გაუქმდეს ან შემსუბუქდეს დარჩენილი შეზღუდვებიც. ასევე დაანონსდა პირბადის ტარების გაუქმებაც.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები მედიას საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ გააცნო:

• 27 თებერვალს დაგეგმილ საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩზე დაიშვება მაყურებელთა 50% (30%-ის ნაცვლად);

• 1-ლი მარტიდან, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრით შემოდის უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე/რეზიდენტი, რომელიც – არის სრულად ვაქცინირებული; ხოლო ვაქცინაციის არქონის შემთხვევაში – წარადგენს 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტს (მესამე დღეს PCR ტესტირების ვალდებულების გარეშე); იხსნება ქვეყნების ე.წ. ჩამკეტი;

• ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების PCR-ტესტით შემოსვლის შემთხვევაში, იხსნება მესამე დღეს PCR-ტესტირების ვალდებულება, ხოლო PCR-ტესტის არქონის შემთხვევაში, არსებული 8-დღიანი თვითიზოლაცია შემცირდება 5 დღემდე;

• რეგულაციების შემსუბუქების გათვალისწინებით, უქმდება ბიზნესვიზიტორების, „იმუშავე საქართველოდან” და სტუდენტური აპლიკაციები.

• კვების ობიექტებში ღია სივრცეში ერთ მაგიდასთან დაიშვება 15 ადამიანი (არსებული 10-ის ნაცვლად);

• დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან დაიშვება 10 ადამიანი (არსებული 6-ის ნაცვლად);

• უქმდება სტუმართა მაქსიმალური რაოდენობის შეზღუდვა;

• სოციალური ღონისძიებების (წვეულება, დაბადების დღე, ქორწილი, ქელეხი) გამართვა დასაშვები იქნება იმავე პირობით – დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან – 10 ადამიანის, ხოლო ღია სივრცეში – ერთ მაგიდასთან 15 ადამიანის განთავსება.

• 1-ლი მარტიდან უქმდება საკარანტინე სივრცეები, ე.წ კოვიდ-სასტუმროები, 22 თებერვლიდან აღნიშნულ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება;

• უქმდება თერმოსკრინინგისა და ჟურნალის წარმოების ვალდებულება;

• უქმდება დეზობარიერის ქონის ვალდებულება;

• უქმდება ბუფეტის მომსახურებაზე შეზღუდვა;

• 4 მარტიდან დასაშვებია კლუბების ფუნქციონირება – ღონისძიების საერთო ფართის 60%-იანი დატვირთვით;

• 15 მარტიდან დასაშვებია კონფერენციების, სემინარების და ტრენინგების ჩატარება შეზღუდვების გარეშე;

• საკოორდინაციო საბჭოს სხდომები ყოველკვირეული სიხშირის ნაცვლად, ორ კვირაში ერთხელ გაიმართება.

ღიბრაძის ცნობით, 1-ელი მარტიდან, შესაძლოა, ეს შემსუბუქებები კიდევ უფრო გაფართოვდეს, თუმცა, ყველაფერი ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. ის არ გამორიცხავს, რომ საქართველოში პირბადის ტარების ვალდებულებაც მოიხსნას. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუმჯობესდება, პირბადის ტარების ვალდებულების საკითხი გადაიხედება.

პირბადესთან დაკავშირებულ რეგულაციაზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც. მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭო პირბადის ტარების ვალდებულებას მაშინ მოხსნიდა, თუ მოსახლეობის 80%- ზე მეტი იქნებოდა სრულად აცრილი, „ბუსტერი” კი 60%-ს ექნებოდა გაკეთებული.

„2 წელი გახდება, რაც კოვიდთან ერთად ვცხოვრობთ. საკმაოდ რთული 2 წელი გავიარეთ. სხვადასხვა მართვის მექანიზმი გამოსცადა კაცობრიობამ. შოლტი და მათრახი ყოველთვის არ მუშაობს, უკეთესია თვითშეგნება. ჩვენი თვითშეგნება უნდა იყოს, რომ პირბადე ვატაროთ. აცრის მაჩვენებელი მაღალი არ გვაქვს. ჩვენ რომ სრულად აცრილების მაჩვენებელი 80%-ზე მეტი გვქონდეს და ინგლისის მსგავსად 60% იყოს „ბუსტერით” აცრილი, დღეს თავისუფლად მიიღებდა საბჭო გადაწყვეტილებას, რომ მოხსნილიყო პირბადის ტარება. გაზაფხული მოდის, თბილი ამინდები იქნება. ერთადეთი დამცველი საშუალებაა პირბადე და აცრა”, – აღნიშნავს გამყრელიძემ.

ინფექციონსტი ალექსანდრე გოგინავა  აცხადებს, რომ „ომიკრონის” შტამის შემთხვევაში ზოგიერთი შეზღუდვის გამოყენება ნამდვილად ფუჭი და არაეფექტურია, ხოლო რაც შეეხება პირბადის ტარებასა და თავშეყრის ადგილებზე ადამიანთა რაოდენობის განსაზღვრას, ამ შეზღუდვების მოხსნა ჯერჯერობით ნაადრევი იქნება.

„იქიდან გამომდინარე, რომ „ომიკრონისთვის” მაღალი ტემპარატურა ხშირ შემთხვევაში არ არის დამახასიათებელი, თერმოსკრინინგმა დაკარგა თავისი როლი. შესაძლებელია იყოს დაავადების ისეთი მიმდინარეობა, როდესაც ადამიანს აქვს ხველა და სურდო, მაგრამ არ აქვს ტემპერატურა. ამიტომ, ჩემი აზრით, თერმოსკრინინგი აღარ არის ეფექტური იმის გათვალისწინებითაც, რომ ბევრ დაწესებულებაში ის მხოლოდ ფორმალურადაა და არავინ აქცევს ყურადღებას.

„რაც შეეხება კოვიდსასტუმროებს, ამ სასტუმროებსაც ჰქონდათ საკმაოდ პოზიტიური როლი წინა შტამების შემთხვევაში, როდესაც ინკუბაციის პერიოდი იყო საკმაოდ ხანგრძლივი და ადამიანებს არ შეეძლოთ ბინაში ყოფნა, ან ესაჭიროებოდათ მინიმალური სამედიცინო ჩარევა. ამასთან, გადატვირთული იყო სამედიცინო დაწესებულებებიც. ამ ეტაპზე, „ომიკრონს” აქვს მსუბუქი მიმდინარეობა და საკმაოდ მოკლე ინკუბაციის პერიოდი, პირველივე კონტაქტის დროს შეიძლება ადამიანი დაინფიცირდეს, ამიტომ ამ სასტუმროებმაც დაკარგა აზრი.

„მაგრამ პირბადესთან და თავშეყრის ადგილებში ადამიანების რაოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, ჩემი აზრით, ნაადრევი და გადასახედია”, – განაცხადა გოგინავამ.

განსხვავებული აზრი აქვს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ინფექციონისტ ირაკლი ხმალაძეს, ის არ ეთანხმება აღნიშნული შეზღუდვების მოხსნას და თვლის, რომ ამით გამწვავდება სიტუაცია.

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე, მე არ ვეთანხმები აღნიშნული შეზღუდვების მოხსნას. ჯერ კიდევ დიდი რაოდენობით ინფიცირებული გვყავს ყოველდღიურად და ახლა ქელეხებისა და ქორწილების გადახდა შეუზღუდავი სტუმრებით ნამდვილად არ მიმაჩნია მიზანშეწონილად”, – განაცხადა ხმალაძემ.

რეზონანსი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share