მეგობრებთან ერთად მზად ვარ საკუთარ სახლში და სხვადასხვა სასტუმროში ვუმასპინძლო 50 უკრაინელ ბავშვს ჩვენი მოძმე გენიჩესკიდან!
ახლახანს ვესაუბრე გენიჩესკის მოქმედ და ყოფილ მერებს. შევთანხმდით რომ უკრაინელ ბავშვებს საზღვაო გზით, აჭარიდან შემოვიყვანთ და მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ, სანამ უკრაინაში მშვიდობა არ დამყარდება!
მოგეხსენებათ, ოზურგეთი და გენიჩესკი დაძმობილებული ქალაქებია და ერთმანეთის გვერდით დგომის 80 წლიანი ისტორია გვაქვს. ისტორია, რომელიც 1938 წელს სოფელ შრომიდან დაიწყო და მეორე მსოფლიო ომის დროს კიდევ უფრო განმტკიცდა.
როცა ხერსონის ოლქში, ქალაქ გენიჩესკს გერმანელებმა ალყა შემოარტყეს, შრომელებმა ერთ დღეში შეკრიბეს სატანკო კოლონის შესაძენი თანხა და გენიჩესკელებს გაუგზავნეს. გენიჩესკის მისადგომებთან გმირულად იბრძოდა ათეულობით ოზურგეთელი, რომლებმაც, საბოლოოდ, სწორი სტრატეგიით და მოხერხებულობით გერმანელების დამარცხება შეძლეს, განსაკუთრებით, ოზურგეთელი სერგო ჩხაიძის დამსახურებით. შრომაში, საკუთარ სახლებში იფარებდნენ ომში დაჭრილ ჯარისკაცებს და მზრუნველობას არ აკლებდნენ.
სამწუხაროდ, უკრაინა ისევ განსაცდელშია. მზად ვარ მთელი ჩემი რესურსით გვერდით დავუდგე უკრაინელებს! დიდება, მშვიდობა და გამძლეობა ჩვენს მოძმე უკრაინას! – წერს კონსტანტინე შარაშენიძე.