საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს მიმდინარე წელს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობა შეაფასა. ომბუდსმენის ცნობით, 2020 წელს, საქართველოშიც, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, მთავარი გამოწვევა COVID-19 და მის შედეგებთან გამკლავება იყო.
“COVID-პაციენტების რაოდენობის სწრაფი ტემპით ზრდის ფონზე, სულ უფრო რთულდება მოსახლეობისათვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდება. პერიოდულად, მედია საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რა დროსაც ოჯახის წევრები მიუთითებენ დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციასა და მკურნალობაზე, რამაც პაციენტების გარდაცვალება გამოიწვია. მსგავსი ფაქტები ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესში სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებათა ეფექტიანობასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში კითხვებს აჩენს. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია მსგავსი შემთხვევების შესწავლის შედეგებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ”. – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.
საქართველოში ახალი კორონავირუსით ბოლო 24 სათში კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა 4 570 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 045 პაციენტი. 10 დეკემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 178 953 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 148 332 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 657 პაციენტი კი გარდაიცვალა.
მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.