ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის – „ბი-ბი-სის“ რუსული სამსახური (BBC Russian) აქვეყნებს ინტერვიუს საერთაშორისო სამართლის ცნობილ ბრიტანელ სპეციალისტთან, ფილიპ სენდსთან სათაურით – „შეიძლება თუ არა ბუჩაში მომხდარი მასობრივი მკვლელობები გენოციდად ჩაითვალოს?“, რომელშიც ლონდონელი პროფესორი საერთაშორისო დანაშაულისა და მათი კვალიფიცირების შესახებ საუბრობს.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
მსოფლიო შეაძრწუნა უკრაინის ქალაქ ბუჩაში მომხდარი ტრაგედიის ამსახველმა ფოტოსურათებმა, რომლებზეც, როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, რუსი სამხედრო მოსამსახურეების მიერ ჩადენილი დანაშაულია დაფიქსირებული – ადამიანთა მასობრივი მკვლელობა. რუსეთის მტკიცებით, ფოტოსურათები სინამდვილეს არ ასახავს, კადრები ხელოვნურად არის გაყალბებული.
რას წარმოადგენს „გენოციდი“ და რას ნიშნავს „გენოციდის მოწყობა-განხორციელება?“
„ბი-ბი-სი“ ესაუბრება ფილიპ სენდსს – სამართალმცოდნეობის პროფესორს, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის საერთაშორისო სასამართლოებისა და ტრიბუნალების ცენტრის დირექტორს, რომელიც, სხვათა შორის, ერთ-ერთი ინიციატორია იმისა, რომ უკრაინის აგრესიაში დამნაშავეებისათვის სპეციალური ტრიბუნალი შეიქმნეს.
– ჩვენ საშინელი ფოტოსურათები ვნახეთ, რომლებზეც მოკლული მშვიდობიანი მცხოვრებლების აშკარად მნიშვნელოვანი რაოდენობაა აღბეჭდილი. გარკვეული გარემოებების მიხედვით შეიძლებოდა ამ ფაქტისთვის გენოციდი გვეწოდებინა? ყოველ შემთხვევაში, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მომხდარი ამბავი გენოციდად შეაფასა…
– მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ამ ტერმინს – „გენოციდს“ იყენებს, ძირითადად, მხოლოდ პოლიტიკური და არა მკაცრად იურიდიული თვალსაზრისით. ასევე, მიმაჩნია, რომ არსებობს განსხვავება [იურიდიულ] და ფართო საზოგადოებრივ შეხედულებებს შორის „გენოციდის“, როგორც მასობრივი მკვლელობის ჩადენის მიმართ.
იურიდიული თვალსაზრისით, გენოციდის დროს უნდა იქნეს დადასტურებული და დამტკიცებული ის, რომ წინასწარგანზრახულად ხდება ადამიანთა ჯგუფის მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი რუსების კონკრეტული განზრახვა აშკარად არ ჩანს.
რა თქმა უნდა, ის საშინელება, რაც ფოტოსურათებზე არის ასახული, სამხედრო დანაშაულის ჩადენის მტკიცებულებად ითვლება და შესაძლებელია, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულადაც კი შეფასდეს. მაგრამ, იმავდროულად, მე ვფიქრობ, რომ ეს გენოციდის განსაზღვრებას არ შეესაბამება.
– გენოციდის სტანდარტულ ცნებაში, 1948 წლის კონვენციის მიხედვით, განსაზღვრულია ჯგუფები ეროვნების, რასის, ეთნიკური ან რელიგიური კუთვნილების მიხედვით. ასე რომ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანთა ჯგუფთან, ეროვნული კუთვნილების მიხედვით. ანუ, მოკლულები არიან უკრაინელები. ყველა არა, მაგრამ დიდი რაოდენობით.
მსგავსი პრეცედენტი იყო ბოსნიაში 1990-იანი წლების შუა ხანებში, სრებრენიცაში მომხდარი მუსლიმანი მამაკაცების მასობრივი (დაახლოებით, 8 ათასი ადამიანის) მკვლელობა, რომელიც გენოციდის ფაქტად იქნა აღიარებული საერთაშორისო სასამართლოს მიერ. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ხორვატიაში, ვუკოვარში ჩადენილი მასობრივი ხოცვა-ჟლეტის ფაქტი, როცა, დაახლოებით, 200 ხორვატი იქნა მოკლული, იმავე საერთაშორისო სასამართლომ გენოციდად კი არ აღიარა, არამედ – კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად.
გენოციდი საზოგადოების ცნობიერებაში საშინელების პირამიდის მწვერვალად ითვლება. ვფიქრობ, რომ ასეთი აღქმა თვით ტერმინით არის გამოწვეული, რომელიც განსაკუთრებით საშინელ განცდებს ბადებს. და კიდევ იმიტომ, რომ მართლაც შემაძრწუნებელია იმ ადამიანების მასობრივი დახოცვა, რომლებიც სხვებისგან რაღაცით განსხვავდებიან. ეს არ არის მხოლოდ დიდი რაოდენობით ინდივიდუმების მკვლელობა…
კვირის პალიტრა