როგორ გადაარჩინა სამმა დიდმა ქართველმა საქართველოს ეროვნული საგანძური

ახლაც და ასი წლის წინათაც საქართველოს ეროვნულ საგანძურში დაცულ ექსპონატთა ბედი დიდი ვნებათაღელვის მიზეზი იყო და არის. ეს გასაგებიცაა: საუკუნეების მანძილზე შექმნილი ეს, მართლაც რომ შეუფასებელი განძი ქართველი ერის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. სამწუხაროდ ჩვენს საზოგადოებაში დღესაც კვლავ ვხვდებით ჯერ კიდევ „ბოლშევიკ–კომუნისტების“ მიერ შექმნილი დეზინფორმაციით გონებადაბინდული ადამიანების უაპელაციო მტკიცებებს: „მენშევიკებმა მთელი საქართველოს ბიუჯეტი გაიტაცეს და აბა რას იზამდნენ კარგს“? „ საიდან იშოვეს ფული და იყიდეს დიდი მამულები ლევილში, თუ არ მოიპარეს საქართველოს ბიუჯეტის ფული“? „ლევილში უზარმაზარი მამულის ყიდვა როგორ შეძლეს მენშევიკებმა, დაასახელონ საფუძველი და მაშინ ვიტყვით, რომ არ წაუღიათ საქართველოს ბიუჯეტი, აბა ჰარი ჰარალოზე არავინ მიიღებდა იქ მათ“! „აბა ხელცარიელი როგორ შელეს იქ ლევილის მამულის ყიდვა“? ამ ათიოდე დღის წინ სოციალური ქსელიდან ამოკრეფილი ეს „მარგალიტები“, მხოლოდ მცირე ნაწილია იმ „დანაშაულებისა“, რასაც საქართველოს პირველ დამოუკიდებელ ხელისუფლებას სრულიად დაუმსახურებლად აბრალებენ.

4-1654583471.jpg
გაზეთი „კომუნისტი“1931 წლის 27 თებერვალი

1921 წლის მარტში საზღვარგარეთ გახიზნულმა საქართველოს მთავრობამ ოკუპანტ ბოლშევიკებს ქართველი ერის ორი საგანძური გაარიდა. ერის მატერიალური განძეულობა (საეკლესიო თუ საერო), და ასევე სულიერი სიმდიდრე _ პირველი რესპუბლიკის სახელმწიფო არქივი და სხვადასხვა ისტორიული დოკუმენტები.

„ბოლშევიკ–კომუნისტები“ ორივე განძეულის საქართველოდან გატანას დიდი აღშფოთებით შეხვდნენ. ეს გასაგებიცაა: საარქივო დოკუმენტები მათ რეპრესიებისთვის სჭირდებოდათ და არა 1918–1921 წლების მოვლენების ობიექტურად შესაფასებლად. საქართველოს ეროვნული საგანძური ალბათ მუზეუმებში გამოსაფენად უნდოდათო – იფიქრებს მკითხველი, თუმცა არ ავჩქარდეთ და მოვლენათა მსვლელობას გავყვეთ.

რატომ გაარიდა საქართველოს კანონიერმა მთავრობამ ეროვნული საგანძური ბოლშევიკ–ოკუპანტებს? ემიგრაციაში ე. თაყაიშვილი ამგვარად იხსენებდა 1921 წლის თებერვლის მოვლენებს (სტილი დაცულია – ბ.ა.): „მისი (იგულისხმება ეროვნული საგანძური – ბ.ა.) უცხოეთში გამოტანა და თუ ადგილზედ დატოვება – არც მე და არც ჩვენს მთავრობას ამაზედ არ გვიფიქრია. ეს აზრი ჩვენ შთაგვაგონა ჩემმა მეგობარმა დიდმა ივანემ (ჯავახიშვილმა) . . . წითელი არმია თბილისს უახლოვდებოდა, მიბარებს ივანე და მეუბნება: ხომ ხედავ, ექვთიმე, მოდის რუსის ჯარი, მონათლული დამოუკიდებელ საქართველოს და სამღვდელოების მტრობით და სიძულვილით, ბოლშევიკები დღეს თუ ხვალ დედაქალაქში შემოვლენ და აქედან მთელ საქართველოს მოედებიან. ისინი დაარბევენ და გაძარცვავენ ჩვენს ეკლესიებს, მუზეუმებს და ყველა საზოგადოებრივ დაწესებულებებს; გავიგე, რომ საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში მიდის და მინდა, რომ თან წაიღონ ჩვენი სამუზეუმო და ეკლესია-მონასტრების განძეულობა. ამიტომ ეხლავე შენ უნდა ნახო მთავრობის თავმჯდომარე, გააცნო ჩვენი ეროვნული განძეულობის გაძარცვა-დაღუპვის საშიშროება. ის ეხლავე უნდა შეგროვდეს და საქართველოდან დროებით უცხოეთში უნდა გაიტანოთ გადასარჩენად“.

თუ რაოდენ წინახედული იყო ივან ჯავახიშვილის ეს მოთხოვნა და ნოე ჟორდანიას მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამას ქვემოთ დაინახავთ.

არსებული დოკუმენტების შესწავლის შემდეგ ირკვევა, რომ ბოლშევიკებთან ღია და ფარული ბრძოლის ძირითადი პრობლემა ფინანსები იყო. საქართველოში ფარულად მოქმედი ჯგუფებისა და ტყედ გასული “შეფიცულთა რაზმის” იარაღითა და სურსათ-სანოვაგით უზრუნველყოფა დიდ ფინანსურ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ასევე მნიშვნელოვანი თანხები სჭირდებოდა “დამკომის” წევრებისა და სხვა ნდობით აღჭურვილი პირების აზერბაიჯანსა და ჩრდილოეთ კავკასიაში მოკავშირეთა შესახვედრად გამგზავრებას.

ემიგრაციიდან საქართველოში გამოგზავნილი ნოე რამიშვილი საიდუმლო წერილების დიდი ნაწილი ფინანსურ პრობლემებს ეხება. გავეცნოთ ერთ ამონარიდს ნოე რამიშვილის საიდუმლო წერილიდან, რომელიც 1924 წლის 20 ივლისითაა დათარიღებული (ავტორის სტილი უცვლელია –ბ.ა.):

“სოციალდემოკრატიის ცეკას

მივიღეთ თქვენი ბარათები ბოლო 4 ივნისის თარიღით. ამასთან ერთად ეგზავნება დამკომს მთავრობის პასუხი. . . . გულახდილათ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი შეფასებით თქვენი წერილები უკანასკნელ დროს ერთი მეორეს ეწინააღმდეგება. . . . თუ სხვა პარტიებმა არ იციან, თქვენ მაინც უნდა იცოდეთ რამდენათ მცირე თანხა გამოვიტანეთ საქართველოდან. განა თქვენ არ გახსოვთ როგორ გაშმაგებით ებრძოდნენ მთავრობას ბათუმში, რომ გემებზე საქონლის ჩატვირთვას საქართველოს გაძარცვათ ნათლავდნენ და თვით მთავრობის წამოსვლას საქართველოს ღალატათ ნათლავდნენ? ასეთ პირობებში რაც გამოვიტანეთ ისიც გასაკვირია. აქედან ერთი ნაწილი მევალეებმა ჩამოგვართვეს. . . . .თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი განძი, გარდა ხატებისა, რომელთაც ევროპაში ფასი არ აქვთ. . .”

ასევე 1924 წლის 20 ივლისითაა დათარიღებული ამჯერად “დამკომისთვის” განკუთვნილი ნოე რამიშვილის ქვემოთ მოყვანილი საიდუმლო წერილი, რომელიც ასევე ფინანსურ პრობლემებს ეხება (ავტორის სტილი უცვლელია –ბ.ა.): “თქვენ საკმაოთ გაცნობილი გაქვთ ჩვენი ფინანსური მდგომარეობა. ის მცირე თანხა, რაც საქართველოდან გამოვიტანეთ სამიწლინახევრის განმავლობაში გამოვიზოგეთ. განძეული საეკლესიოა და საისტორიო ნივთებისაგან შედგება, რასაც ევროპის ბაზარზე ფასი არა აქვს. ”

ზემოთ მოყვანილი ორი წერილიდან კარგად ჩანს ნოე რამიშვილის ერთგვარი გაღიზიანება იმ გარემოების გამო, რომ აჯანყებისთვის საჭირო დაფინანსების მოძიება მთლიანად ემიგრაციაში მყოფი მთავრობის თავსატეხი იყო. “დამკომი” სისტემატურად ითხოვდა საზღვარგარეთიდან თანხების გამოგზავნას, რასაც, სავარაუდოდ, ემიგრაციაში გატანილი ეროვნული საგანძურის დიდი ფასულობით ასაბუთებდა. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ არც „აგვისტოს აჯანყების“ დასაფინანსებლად და არც ემიგრაციაში მყოფი მთავრობის ფუფუნებაში ცხოვრებისთვის (როგორც ამას მოსკოველი თუ ადგილობრივი „ბოლშევიკ–კომუნისტების“ ქადაგებდნენ) ეროვნულ საგანძურს არაფერი მოჰკლებია. შესაძლოა ეს დღეს ზოგიერთისთვის დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტებს სად გავექცევით?

ცნობილია, რომ 1930 წლის 7 დეკემბერს დღის სამ საათზე პარიზის ქუჩაში მიმავალი ნოე რამიშვილი რევოლვერიდან გასროლით მოკლა ემიგრანტმა, საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ „ზომბირებულმა“ პარმენ ჭანუყვაძემ. რამდენიმე დღის მანძილზე ეს მკვლელობა ევროპული გაზეთების განხილვის საგანი იყო. მრავალ ფაქტთან ერთად ხაზს უსვამდნენ ერთ მრავლისმთქმელ დეტალს: გარდაცვლილ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის პირველ თავმჯდომარე და შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს დაკემსილი წინდები ეცვაო. ეს არ იყო გამონაკლისი შემთხვევა. ემიგრაციაში ყოფნის დროს ყოფილი მთავრობის წევრები ძალზედ ხელმოკლედ ცხოვრობდნენ: ექვთიმე თაყაიშვილი მეუღლესთან ერთად მარჩენალ თხას უვლიდნენ, ნოე ჟორდანიას პატარა ბოსტანი ჰქონდა და თან სხვა ემიგრანტებიც ( უმთავრესად ვალიკო ჩუბინიძე) მცირედით მატერიალურადაც ეხმარებოდნენ მის ოჯახს. ასე გაჭირვებით ცხოვრობდნენ ქართველი ემიგრანტი ყოფილი მთავრობის წევრები და ამის მიუხედავად საქართველოს ეროვნულ საგანძურის არც ერთი ექსპონატი გასაყიდად არ გაიმეტეს!

5-1654584145.jpg
ექვთიმე თაყაიშვილი

ივანე ჯავახიშვილის და ნოე ჟორდანიას ბრძნული გადაწყვეტილება, რომ არა საქართველოს ეროვნულ საგანძურის ყველაზე მნიშვნელოვან ექსპონატებსაც იგივე ბედი ეწეოდათ, რაც „ბოლშევიკ–კომუნისტებმა“ რუსეთის მუზეუმებში და ძირფასი ქვებისა და ლითონების სახელმწიფო საცავში (ე.წ. „გოხრანი“) დაცულ განძეულობას ხვდა წილად.

უკვე 1922 წლიდან მოყოლებული საბჭოთა ხელისუფლება ლონდონში, პარიზში, ნიუ–იორკსა და ამსტერდამში ფარულად ყიდდა „გოხრანის“ საცავებში არსებულ ნახატებს, ძვირფას ნივთებს, ხატებს, მარგალიტებსა და ბრილიანტებს. ამ ფარულ ოპერაციებს საბჭოთა სპეცსამსახურები ატარებდნენ და მიღებული ფულით „ევროპაში სოციალისტური რევოლუცია უნდა დაეფინანსებინათ. გადიოდა წლები, საბჭოთა რეჟიმს ფინანსური პრობლემები ემატებოდა, რომელთა გადაჭრის უმარტივეს გზად „ბოლშევიკ–კომუნისტები“ კვლავ საერო და საეკლესიო საგანძურის უცხოეთში სარფიანად გაყიდვას თვლიდდნენ.

1928 წლის 23 იანვარს სსრკ სახალხო კომისართა საბჭომ მიიღო „სრულიად საიდუმლო“ ბრძანებულება “სიძველეთა და ხელოვნების საზღვარგარეთ ექსპორტისა და გაყიდვის გაძლიერების ღონისძიებების შესახებ”. ამის შემდეგ ეკლესიებისა და მუზეუმების ძარცვა კიდევ უფრო დაჩქარდა. რუსეთის ხელისუფლების მიერ კვლავ გასაიდუმლოებულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ საბჭოთა რეჟიმის არსებობის პერიოდში რამდენი და რა ღირებულების სმუზეუმო ექსპონატი და საეკლესიო ნივთი გაიყიდა. ვფიქრობ არავის ეპარება ეჭვი, რომ საქართველოს ეროვნული საგანძურსაც იგივე ბედი ელოდა აქ რომ დაეტოვებინათ: მრავალი უნიკალური ნივთი სამუდამოდ დაიკარგებოდა. თუმცა არც ემიგრაციაში მოკლებია განსაცდელი ეროვნულ საგანძურს, მაგრამ ექვთიმე თაყაიშვილი „ხმალამოღებული“ იცავდა საქართველოს უდიდეს განძს შინაური, თუ გარეული ავანტიურისტებისაგან.

6-1654584194.jpg

პ.ს. „ლევილის სასახლის“ განსაკუთრებული ღირებულების მითიც ბოლშევიკ–კომუნისტების შემნილია. საბედნიეროდ დღეს უამრავი სტატია, წიგნი და საარქივო დოკუმენტია ხელმისაწვდომი „ლევილის მამულის“ შესახებ: როგორ შიძინეს, რამდენი გადაიხადეს, როგორ იქცა ეს ადგილი „პატარა საქართველოდ“ და როგორ გადმოეცა 2016 წლის სექტემბერში ოფიციალურად საქართველოს. ასე, რომ ვისაც აინტერესებს არ გაუჭირდება ჭეშმარიტების დადგენა.

კვირის პალიტრა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share