ოზურგეთში მცხოვრები უცხოელი ბიზნესმენის-ამჟამად ქუტაისის ციხის პატიმრობაში მყოფი იგორ ასკაროვი – “სამწუხაროდ დასახიჩრებული ხელი დაიღალა, არ შემიძლია მეტის წერა, თორემ იმდენი შესანიშნავი და საინტერესო რამ მოხდა დღეს”
დილიდან, უძილო ღამის შემდეგ, ყველაფერი ჩვეულებისამებრაა – მოვიდა მედდა ტაბლეტებთან ერთად. ორი თვეა რაც ის შესაშური სიხშირით მოდის, ყოველ დღე მთავაზობს რაღაც ტაბლეტებს, რომელთა მიღების შემდეგაც ვიგუდები ან გონებას პირდაპირ ფეხზე მდგარი ვკარგავ.
როგორც ყოველთვის ტაბლეტების მიღებაზე უარს ვამბობ და ვითხოვ იმ წამლების მოტანას, რომლებიც ჩემმა მეუღლემ ოფიციალური თანხმობის შემდეგ აფთიაქში შეიძინა. მეუღლის წერილს, რომელშიც იმ წამლების სიაა, რომლებსაც მე 19 წელია ვიღებ, არ ვამხელ, წერილი მენანება, გაიცვითა.
შემდეგი პროცედურა როგორც ყოველთვის უარის თქმაა ხელის მოწერაზე, შემოთავაზებული წამლების მიღებაზე უარის თქმისა. იმ ტაბლეტებზე, რომლებსაც თითქოს დახმარების სურვილითა და მთელი გულით რომ მთავაზობენ.
პირველმა რაუნდმა შედარებით იოლად ჩაიარა და ეს გასაგებიცაა – დათვისთვისაც შეიძლება ველოსიპედის ტარების სწავლება, ხოლო ციხის მედიკოსების საყვარლობა ხუმრობების სწავლა, ჰიპოკრატე პითაგორაში რომ ეშლებათ, საკმაოდ ხანგრძვლივი ვარჯიშებით, ეს როგორც ხალხში ამბობენ “როგორც ორი თითი ასფალტზეა”.
მეორე რაუნდი უფრო რთული აღმოჩნდა. მსგავსი არაუმეტეს კვირაში ერთხელ ხდება ხოლმე, ამიტომ თან ახლავს მოულოდნელობის ელემენტები.
ვიზიტით თვით ციხის უფროსის მოადგილე მეწვია. ერთადერთი და განუმეორებელი. და რატომღაც ყველანი ბრაზდებიან, როცა ვეუბნები, რომ კიდევ რამდენიმე მოადგილეს ვიცნობ. ამიტომ ვცდილობ არ გავიკვირვო და შეძლებისდაგვარად შევხედო მას, როგორც ერთადერთ მოადგილეს, თუმცა უშედეგოდ. ერთადერთი მოადგილე კი მოვიდა ერთადერთი კეთილი მიზნით – გაეგო ჩემი თხოვნები და სურვილები, და გაოგნებული დარჩა იმ ამბით, მე რომ შიმშილობის 46-ე დღეზე ვიყავი.
როგორც სჩანს დაიბნა და მოუფრთხილებლად დაინტერესდა, თუ რის მიღწევას ვცდილობდი. ჩემის მხრიდან მეც სულელურად გავახმოვანე ჩემი დიდი ხნის ნატვრა და ვთხოვე, რომ ჩემი კამერის კარებზე საკეტი შიგნიდან გაეკეთებინათ, რათა როგორმე შემემსუბუქებინა ჩემი ფუჭი არსებობა. კი, რაღაცაში არ ვიყავი მართალი, გავანაწყენე ასეთი კარგი ადამიანი, ის კი მთელი სულითა და გულით მოვიდა, ნუ, ყოველ შემთხვევაში მან ასე თქვა, თუმცა ყველანი იმავეს ამბობენ. რაღაცას ბოლომდე ვერ ვიგებ ხოლმე, ზოგჯერ მწყინს კიდევაც.
შემდეგ იყო არა რაუნდი, არამედ რაღაც ამოუხსნელი, ფანტასტიკური, ტარანტინოსეული. მოვიდა დაცვა სოციალურ მუშაკთან ერთად. დიდხანს და მოთმინებით ცდილობდნენ იმ ენაზე, რომელიც მე არ მესმის, აეხსნათ რაღაც. მიუხედავად ჩემი სრული გაურკვევლობისა, მივხვდი, რომ რაღაცაზე ხელი უნდა მომეწერა. მას შემდეგ, რაც ქაღალდების დასტა დავინახე და ფურცლების, რომლებზედაც რუსულ ენაზე ეწერა, რომელიც ვიცი და მესმის, მეც ასევე დიდხანს და მოთმინებით ვცდილობდი რუსულ ენაზე, რომელიც მათ არ ესმით, ამეხსნა, რომ მინდოდა გავცნობოდი იმ დოკუმენტს, რომელზედაც ხელი უნდა მომეწერა.
სამყარო კეთილი ხალხის გარეშე არაა, აქაც კი, მათ გულებს არ ეუცხოებათ თანაგრძნობა, ან შეიძლება მათაც მობეზრდათ “ცარიელიდან ცარიელში გადასხმა”. მითუმეტეს, რომ მუდამ ასე ხდება. მთელი ეს დიალოგი აზრს მოკლებული გახდა და ყველაფერი უკიდურესად მარტივი აღმოჩნდა. თურმე, 90 დღის წინ, ანუ ამა წლის 4 აპრილს, რომელიღაც კომისიამ, რომელიც შეიქმნა ვიღაცის მიერ და ვიღაცეებისგან, გაარკვია, რომ რეჟიმის რაღაც დარღვევებს, ჩადენილს ვიღაცის მიერ და ვიღაცის მიმართ, ადგილი არ ჰქონია, რასაც ვიღაცას თავაზიანად ატყობინებდნენ.
აი, სულ ეს არის, ყველაფერი კარგადაა, რაც კარგად სრულდება, და მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ მე ვერაფერი გავიგე და არაფერი მახსოვს, მაინც 3 თვეა გასული და იმდენი რაღაც იყო, მე კი უკვე თითქმის 70 წლის ვარ და ვის რაში სჭირდება ეს, როცა თავად მეც მიმიფურთხებია ამ ყველაფერზე. ყოველი შემთხვევისთვის, ხელი მაინც არ მოვაწერე და არც დოკუმენტი ავიღე.
ეს ერთადერთია რისი გაკეთებაც შემიძლია იმის დასამტკიცებლად, რომ არ დავნებებულვარ. შემდეგ წავიდა სულიერი ლირიკა, თითქმის ცრემლებამდე მიმყვანიც. კეთილმა, სათნომ (მშობელმა მამამ), თვით ციხის უფროსმა (ასე მითხრეს), პირადად გადმომცა ორი კოლოფი – ერთი არაჟნით, მეორე კი მაწონით.
ძვირფასია არა საჩუქარი, არამედ ყურადღება. შეიძლება მან არც კი იცის, რომ ვშიმშილობ და ამიტომ არც მომცეს სიცოცხლის უზრუნველსაყოფად საჭირო პროდუქტების სია.
გავიდა სულ რაღაც 46-ე დღე შიმშილობის დაწყებიდან, და დღეს მომინახულა მისმა ერთმა და ერთადერთმა მოადგილემ, რომელსაც შეეძლო შეეხსენებინა მისთვის ჩემს შიმშილობაზე, ან შეიძლება ამ დაწესებულებისთვის ეს უსახური და ჩვეულებრივი პროვოკაციაცაა. ჩვეულებისამებრ, სჯობს ესეც მოვიქნიო ცოდვისგან შორს, ისე, რომ არავინ იცოდეს, თორემ ვიღაც ისევ გამინაწყენდება.
სამწუხაროდ დასახიჩრებული ხელი დაიღალა, არ შემიძლია მეტის წერა, თორემ იმდენი შესანიშნავი და საინტერესო რამ მოხდა დღეს, და თან ყველაფერი ერთ დღეს. არაუშავს, კიდევ დავწერ, თუ დამავიწყდება, ისენი თავაზიანად შემახსენებენ ან რაიმე ახალს მოიფიქრებენ.
იგორ ასკაროვი; ქუთაისი, ციხე N2, კამერა C-223 05.07.22 :
ყველას, ვისაც ჯერ კიდევ აინტერესებს.