“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, გიორგი მუმლაძე პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ თუ ის მესამე პრეზიდენტს შეიწყალებს, “ბიძინა ივანიშვილისგან და მისი გიენებისგან” ფიზიკურად დაიცავს.
ამ თემაზე მან მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დაწყებამდე ისაუბრა.
“მას ერთი ხელის მოწერით შეუძლია გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი, რითაც გადარჩება მიშას სიცოცხლე და მეორეს მხრივ გადარჩება ჩვენი შვილების დემოკრატიული მომავალი, შესაბამისად, ჩვენ პროტესტს გავაგრძელებთ მივალ ყველგან და ყველასთან ვისაც ხელთ ეწიფება რომ ამ პროცესში თავისი როლი შეასრულოს.
აქვე მინდა აღვნიშნო, გუშინ სალომე ზურაბიშვილის განცხადების შემდეგ, ბრიფინგზე რაც თქვა, ის განიცდის შანტაჟსა და დაშინებას “ქართული ოცნების” მხრიდან კონკრეტული პირები პირდაპირ მიუთითა, მას მივმართავ პირდაპირ, თუ გადადგამს ამ ისტორიულ ნაბიჯს, მიუხედავად ჩვენი განსხვავებულობისა და უარყოფითი დამოკიდებულებებისა რაც აქამდე გამომივლენია, მე გადავადებ ჩემ პირად წყენებს, ჩემ მეგობრებთან ერთად და თუ საჭიროა მას ფიზიკურად დავიცავ ბიძინა ივანიშვილისგან და მისი გიენებისგან”, – თქვა მუმლაძემ.
მუმლაძე ამბობს, რომ მისთვის და მისი მეგობრებისთვის ეროვნული ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირადი წყენები.