ძველი გურიის „კლდეკარი“

ძველი გურიის „კლდეკარი“
.
1877-1878 წლების რუსეთ თურქეთის ომის მიმდინარეობის აღწერისას არტილერიის კაპიტანი კლიმანი უთითებს, რომ რუსული არმიისათვის ციხისძირიდან ბათუმამდე არსებულ გზაზე მნიშვნელოვანი ბუნებრივი ბარიერი იყო „გურიი-ქაიალიკი“ (Гурiи-каялыкъ; თურქულად Kayalık – კლდე; Guri-Kayalık – გურიის კლდე) ანუ იგივე ჩაქვის კონცხი, ასევე საგულისხმოა, რომ კლიმანი იმავე ადგილს ასევე იხსენიებს მეორე ფორმითაც ანუ ქაიალიკად (каялыкъ). 1877-78 წლის რუსულ სამხედრო რუკაზე არის არის აღნიშვნა „М. Чаква или – Каялыкъ“.
.
ვინაიდან სამხრთ-დასავლეთი მხრიდან გურიის გავლით საქართველოში შემოდიოდა უმნიშნელოვანესი გზა შესაძლებელია ეს ადგილიც ადრე „კლდეკარი“ ანუ კლდეში გაჭრილი გასასვლელი ყოფილიყო, როგორც ამ გზის უმნიშვნელოვანესი ნაწილი და გზის ჩაკეტვის ძალიან ადვილი და საიმედო თავდაცვის საშუალება ყოფილიყო, სწორედ ამ ბარიერზე საუბრობდა კაპიტანი კლიმანი.
.
აქვე საინტერესოა, რომ ამ მიდამოებში დასტურდება ძველი ტოპონიმი „ნაჭიშკრევი“, ადგილი სადაც სოლომონ პრველი დამარცხდა თურქებთან ბრძოლაში 1784 წელს -„ციხისძირის გადმოსარებს, ვიწრო გზაზე, ტყეში სახელდობრ ნაჭიშკრევს დახვდნენ მეფის ჯარს, აუტეხეს დიდი სროლა, დაამარცხეს მეფე, ალაფი და ტყვეები დაატოვებინეს” (დელი-აღა ცეცხლაძე).
.
„წარვიდა მეფე იმერთა სოლომონ, ძე ალექსანდრესი, მხედრობითა თვისითა გურიასა ზედა. მაშინ ოსმალთა აუწყა მიმავლობა მეფისა დადიანმან კაციამ. რომელსაცა მზირ ეყვნენ ოსმალთა მხედრობანი. ჩასრულსა ჩაგვს მეფესა, რომელმანცა მოაოხრა და წარტყვენა ჩაგვი იგი, უკუნქცეულსა შეუკრნეს ოსმალთა ვიწრონი იგი გზანი, რომელიცა არს. ადგილი ესე ფრიად მაგარი, ჯანგლიანი და იწრო, კლდიანი.“ (დავით ბატონიშვილი).
.
ნიკო ბერძენიშვილის მიხედვით „კლდეკარი“ არის „კლდე გაჭრილი გზად“, ასევე ვხვდებით უძველეს საგზაო ტერმინებს „გაჭრილს“, „ჭიშკარს“, „კარს“, „ზეკარს“ და ა.შ.. „კლდეკარები“ ისევე როგორც სხვა საგზაო ტერმინები საქართველოში მრავლად უნდა ყოფილიყო და თამარის დროინდელ გზათა მოწყობის მნიშვნელოვანი ნაწილიც გახლდათ, ბერძენიშვილის მიხედვით მცირე „კლდეკარი“ შესაძლებელია ყოფილიყო 5 მეტრის სიფართის მქონეც კი – „ახლა ჩვენ არაერთს ასეთს „კლდეკარს” ვიცნობთ (უფლისციხის მისავალს, დევის ნამუხლს თრიალეთის კლდეკარს..). განსხვავება ისაა, რომ ეს „კლდე კარი” სხვებთან შედარებით უფრო ფართოა.“ (ბერძენიშვილი)
.
– Климан, Федор Людвигович фон; Описание боевой жизни 41-й Артиллерийской бригады в минувшую войну 1877-1878 годов 1883;
– ბერძენიშვილი, ნიკო – გზები რუსთაველის ეპოქის საქართველოში 1966
– დროება1880 წელი N265 (დელი აღა ცეცხლაძის ნაამბობი)
– მასალები საქართველოს ისტორიისათვის, შეკრებილი ბატონიშვილის დაგით გიორგის ძისა და მის ძმებისა 1744-1840 წწ. (ჟურნალ მოამბის პრემია 1905 წელი)
შეიძლება იყოს შუქპირი, რუკა, ფეხსაცმელი and ტექსტი გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share