ნიკოლოზ დუნკელ-ველლინგი – გურიის შესახებ ჩანაწერებიდან დასასრული; დასაწყისი იხილთ კატეგორია ისტორიაში;
როგორ აღწერს 1850 წელს უცხოელი ჟურნალისტი რუსეთ თურქეთის მაშინდელ საზღვართან მოგზაურობას და სტუმრობას ბუკისციხეში მარის მეურნეობაში.
(დუნკელ-ველინგმა გურიაში სავარაუდოდო იმოგზაურა 1850 ან 1851 წელს, წერილი გამოქვეყნდა 1853 წელს.
4) სასაზღვრო ზოლი, მართან სტუმრობა
ასე და ამგვარად მე დავათვალიერე ოზურგეთის მახლობლად არსებული ღირშესანიშნავობები: მაგრამ ჩემი ცნობისმოეყვარეობა ამით ვერ დაკმაყოფილდა და გადავწყვიტე ,,გმირობა,, ჩამედინა, კერძოდ სასაზღვრო ზოლის მეთაურთან ერთად წავსულიყავი თურქეთის საზღვარზე.
ივნისის მზიან დღეს ბადრაგის თანხლებით და პროვიზიის ათი დღის მარაგით გავედით ოზურგეთიდან, ეს პატარა ექპედიცია ისე მახალისებდა როგორც ბავშვს. მალევე ჩავიარეთ კარანტინის წინ, ნათელი დღე იყო, მთებს გარშემოხვეული ორთქლი დიდ ცხელ ამინდს მოასწავებდა, გვინდოდა მანამ სანამ ძალიან დაცხებოდა მიგვეღწია ლიხაურის პოსტამდე, რომელიც უშუალოდ თურქეთის საზღვარზე იყო განთავსებული. პოსტზე მისვლისთანავე ცხენები ცოტა ხნით დავასვენეთ, რის შემდეგაც საზღვრის გასწვრივ მიმავალ გზას დავადექით, საზღვარი მონიშნული იყო პატარა მდინარის მიმოხვეული კალაპოტით, მებაჟეებისა და კაზაკების გარდა საზღვარს იცავს ადგილობრივებისაგან შემდგარი რაზმი (ამ დროისათვის საზღვარს იცავდა გურულებისაგან შემდგარი მილიცია), საზღვარზე თოფის სასროლ მანძილზე ერთმანეთის მიყოლებით ჩადგუმულია სასაზღვრო საგუშაგო ჯიხურები, რომლებიც ამ უდაბურ ტყეს ძალზედ თვალწარმტაც შესახედაობას აძლევდა, რაც უფრო შორს მთების სიღრმეში შევედივართ საგუშაგოები მით უფრო ნაკლებად გვხვდება. საზღვრის დიდ სიმაღლეზე სადაც ცხენებით ასვლა ვერ შევძელით დაგვხვდა ყველაზე შორეული პოსტი, რომელსაც საზღვრის მცველები და კაზაკები იცავდნენ.
მთების ხედები არაჩვეულებრივი და თვალწარმტაცია, მთის შვერილებზე ამაყად დგანან ასწლოვანი ხეები, ბილიკი მიემართება ციცაბო ხევების პირზე, რომელთა ქვემოთაც ხმაურით მიედინება სუფთა და ცივი მდინარები; ბუნება სწორედ აქ ავლენს თავის მშვენიერებას, ჰაერი სუფთა და ჯანსაღია მისი ყველა ჩასუნთქვისას გრძნობ როგორც ცოცხლდება და ჯანსაღდება ადამიანის გული. ნელა მივდიოდით წინ, ხშირი ციცაბო ფერდობები არ გვაძლევდა გვესარგებლა ცხენებით და ფორთხვით მივძვრებოდით კლდეებზე, ცხენები კი შორი შემოვლითი გზით ჩამოქვეითებული მოჰყავდა ბადრაგს, ხშირად გვიწევდა წვიმის წყლით გათხრილ ხევებზე გადასვლა ვენახისაგან დაწნული მოქანავე ხიდებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხიდები ირწეოდნენ მსუბუქად და საიმედოთ მივაბიჯებდით.
საღამოს მივედით მდინარის ნაპირზე ხეების ჩრდილში მოწყობილ პოსტზე, დაღლილს მორთმეული ჩაი ნექტარად, ხოლო წყაროში ჩაცივებული ღვინო ამბროზიად მომეჩვენა. ღამისთევის ადგილზე მისასვლელებთან ჩამოვარიგეთ საიდუმლო მანიშნებლები; კავკასიაში მშვიდობიანი კაციც დროებით მეომრად გადაიქცევა, ასე რომ მე როგორც საბრძოლო ცხოვრების არმცოდნემ, მაგრამ საბრძოლო წესების პატივისმცემელმა დაძინებისას ახლოს დავდე ჩემი ხმალი.
ღამემ ყოველანაირი ფათერაკის გარეშე ჩაიარა. მზის ამოსვლისთანავე ავდექით და დავადექით გზას. იგივე მთებია, იგივე მდინარეებია, მაგრამ ბილიკის ყოველი მოსახვევის შემდეგ მთები და ხეები ადრინდელისაგან განსხვავებულად ისე ჯგუფდებოდნენ, რომ ჩვენს თავლწინ სხვადასხვანაირი ხედები იშლებოდა. ასე ვმოგზაურობდით და ვისვენებდით სასაზღვრო პოსტებზე ოთხი დღის განმავლობაში; ვინაიდან უკვე ახლოს მივედით ახალციხის მაზრის საზღვართან, ჩემმა თანამგზავრებმა დაასრულეს საზღვრის მათი მონაკვეთის შემოვლა და უკან დაბრუნება გადაწყვიტეს; მეც ვჩქარობდი ოზურგეთში ჩასვლას, საიდანაც უნდა გავმგზავრებულიყავი მართან, ერთადერთ ევროპელ ჩამოსახლებულთან, რომელიც გურიაში დახლოებით 25 წლის წინ დასახლებულა.
ეს კაცი მრავალმხრივ გამორჩეული და ღირსესანიშნავი ადამიანია, იგი წარმოშობით ინგლისელი, ხოლო აზროვნებით კოსმოპოლიტი გახლდათ, მისი პირველი საქმიანობა ვაჭრობა იყო, მაგრამ ამ საქმიანობაში წარუმატებლობის შემდეგ იგი დასახლებულა გურიის ყველაზე უფრო უხმოსავლიან მხარეში და აგრონომობა დაუწყია, უდავოდ საუკეთესოა მარის ბაღებში მოყვანილი ხილი და ყურძენი, რომლისგანაც იგი საუკეთესო ღვინოს აყენებს ევროპული წესებით. გურიის აჯანყების დროს მოსახლეობას დაურბევია მისი ბაღი და ინდიგოს პლანტაცია, რომელიც მას გაუშენებია უდიდესი ძალისხმევით, მაგრამ მარი არ დაცემულა და მისი მისი პატარა კოლონია ისევ აუღორძინებია მისი ესპანური წარმოშობის ცოლის დახმარებით, რომელიც ამასთანავე ბრწყინვალე დიასახლისია.
იგი გურიის ცოცხალი ქრონიკაა, მისი მონათხრობი ძალიან შთამბეჭდავია და გაჯერებული იუმორით.
მარის სახლი და ბაღი მდებარეობს ოზურგეთიდან ცხენისწყალმდე მიმავალ გზაზე, ჩოხატაურის პოსტის მახლობლად. იგი ძალიან სტუმართმოყვარეა და ყველა ვინც კი გურიაში სტუმრობს ან მოგზაურობს ყველას სიამოვნებით მასპინძლობს ეს ასაკკოვან ევროპელი. მის ბაღსა და მიწის ნაკვეთებს ადგილობრივი გურულები ამუშავებენ.
მიმაჩნია, რომ ზედმეტი არ იქნება მოგითხროთ გურული ყმაგლეხებისა და მათ მფლობელთა ურთიერთობებზე. ყმაგლეხები იყოფიან მოჯალაბებად (мужелаби) და გლეხებად (глехи). პირველები იგივეა რაც ჩვენებური ყმები, მემამულეებს შეუძლიათ ისნი გამოიყენონ როგორც მოესურვებათ და ამუშაონ ისე როგორც საჭიროდ ჩათვლიან. მეორენი კი ანუ გლეხები თავისი არსით წარმოადგენენ ვალდებულების მქონე ყმებს, რომლებიც თავიანთ ვალდებულებას ნატურით იხდიან, ხშირ შემთვევებში ეს ვალდებულებები იმ ადამიანისათვის რომელიც ამ მხარეს არ იცნობს ძალიან უცნაურია, მაგალითად რომელიმე გლეხის ვალდებულებაა მიუტანოს თავის ბატონს შეშა, მეორესი კი მიუტანოს ღვინო, მესამეს ვალდებულებას წარმოადგენს მოემსახუროს ბატონის სტუმრებს და ა.შ. გლეხების პატრონს უფლება არ აქვს შეშის მოტანის ვალდებულების მქონე გლეხს მოსთხოვოს მისი სტუმრების მომსახურება და ასევე პირიქით.
მოჯალაბე გაცილებით უფრო ძვირად ფასობს ვიდრე გლეხი, იმიტომ რომ მესაკუთრეს პირველისგან უფრო მეტი სარგებელი აქვს ვიდრე უკანსკნელისაგან. ჩენგან რუსეთისაგან განსხვავებით გლეხები აქ ითვლება კომლებად ანუ ოჯახებად და არა სულადობით, და მათგან ბეგარაც იხდება კომლების მიხედვით. სახაზინო გლეხები იხდიან კომლზე 4 მანეთს და იგზავნებიან სამუშაოებზე ყოველდღური ხარჯით, მათი ვალდებულებაც მხოლოდ ამაში გამოიხატება. – ამის გამო გურული სახაზინო გლეხები თავიანთ თავს ბედნიერად მიიჩნევენ; ამით აიხსნება ის, რომ გურიის აჯანყების დროს ბოროტი ზრახვის მქონე ადამინების წაქეზებით ისინი აჯანყებაში არცთუ ისე დიდი ხალისით მონაწილებდნენ.
რედაქციისაგან: იკობ მარი (პატრიკ მონტეგიუ მარი) შოტლანდიელი ბარონი იყო. იგი დაიბადა 1793 წელს სოფელ ლუიჟეში და იქვე მიიღო დაწყებითი განათლება. ლონდონის უნივერსიტეტში სწავლისას დაუახლოვდა მიხეილ ვორონცოვს, რომელიც შემდეგ კავკასიის მეფისნაცვალი გახდა და ინგლისელ ელიოტს. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ გაემგზავრა ესპანეთში და კომერციას მოჰკიდა ხელი. იქვე ცოლად შეირთო ესპანელი ქალი ფაკუნდა ანტონიო. მალე მარი ცოლ-შვილით ოდესაში ჩავიდა და ინგლისის სავაჭრო სახლ „ეტვუდში“ დაიწყო მუშაობა . „ეტვუდი“ ვაჭრობდა საქართველოშიც და თავისი დუქნები ჰქონდა რედუტ–კალესა და თბილისში. ოდესაში რამდენიმე წლიანი ცხოვრების შედეგ, 1822 წელს მარი საქართველოში ჩავიდა და თავიდან თბილისში გააგრძელა კომერციული საქმიანობა. ადგილობრივი ვაჭრები დაუპირისპირდნენ მარს და ქალაქის ხელისუფლება მის წინააღმდეგ აამხედრეს. ამ დროს ის მიიწვია მამია V გურიელმა, რომელსაც თავის მამულებში სწავლული აგრონომი სჭირდებოდა. იმ დროისთვის გურიის სამთავრო ჯერ კიდევ დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული იყო. გურიელმა მარს ოზურგეთში ბაღის გაშენება დაავალა. მანვე მარს სამოსახლოდ და სანერგეს მოსაწყობად ლანჩხუთის ახლოს მისცა ადგილ-მამული 15 ყმა-ოჯახით. მარმა ყმებზე უარი განაცხადა.
იაკობ მარის აზრით, ლანჩხუთის მიდამოები გამოუსადეგარი იყო ვენახის და ხეხილის გასაშენებლად. მან მდინარე სუფსის ნაპირას მდებარე სოფელი დაბლაციხე აირჩია. მამია გურიელმა განკარგულება მისცა თავად ერისთავს, რომელსაც ეს ტერიტორიები ეკუთვნოდა, რომ ხელი შეეწყო მარისთვის. იქ მარმა მოაწყო შესანიშნავი მეურნეობა. უცხოეთიდან გამოიწერა მცენარეები, რომლებიც მანამდე გურიაში არ იყო ცნობილი, მაგალითად – სპარსეთიდან შემოტანილი ბამბა. მან, ასევე, ხელი მოჰკიდა არსებული ჯიშების გაუმჯობესების საქმეს, სისტემატურად იწერდა საზღვარგარეთიდან სასოფლო-სამეურნეო იარაღებს. მარმა მთავრობიდანაც აიღო სესხი 2000 მანეთის ოდენობით. ამ თანხით მას გურიაში თამბაქოს პლანტაციები უნდა გაეშენებინა. ყირიმიდან შემოიტანა ინდიგოს მარცვლები. ზეთის ხილის, მაგნოლიისა და კორპის ხეებიც კი დაურგავს. შემოჰქონდა სუბტროპიკული კულტურები. ოყო ჩაის ერთ-ერთი პიონერი საქართველოში. იღწვოდა დასავლეთ საქართველოში მევენახეობის გაუმჯობესებისთვის. ოდესადან გამოიწერა ვაზის ჯიში „იზაბელა“, რომელიც ადესას სახელით გახდა ცნობილი. ებრძოდა იმ დროს გავრცელებულ ვაზის ავადმყოფობებს. უნდოდა შეექმნა ვაზის მუდმივი სანერგე საფრანგეთის ყაიდაზე. გამოიყვანა ვაზის ახალი ჯიშები. 1841 წელს მარი საკუთარ მეურნეობაში აყენებდა 400 ვედრო საუკეთესო ხარისხის ღვინოს. ქუთაისში ის წელიწადში 2000-2500 ფრანკის ღირებულების ღვინოს ყიდდა. მარი იყო ერთ–ერთი პირველი, ვინც ქართული ღვინო საზღვარგარეთ გაიტანა. ის ღვინოებს ჯანიდან, სხილათუბნიდან და მტევანდიდიდან აყენებდა.
1841 წელს გურიაში არეულობა დაიწყო, მარის მეურნეობა მთლიანად განადგურდა. იაკობი იძულებული გახდა დროებით დაეტოვებინა თავისი კარ–მიდამო და ოჯახით ქუთაისში გადასულიყო საცხოვრებლად.
მან ქუთაისში შექმნა წარმოება და საწყობი. თავისი რეცეპტით ამზადებდა მაგარ ალკოჰოლურ სასმელებს და ღვინოსთან ერთად გაჰქონდა სარეალიზაციოდ. მჭიდრო კავშირი ჰქონდა გლეხობასთან. საზღვარგარეთიდან მიღებულ სამეურნეო მანქანა–იარაღებს, სუბტროპოკულ და სხვა მცენარეთა თესლეულს და ვაზის ნერგებს აწვდიდა მოსახლეობას, აწყობდა სანერგეებს, გამოყვანილ ჯიშებს ავრცელებდა გლეხობაში. თვითონვე ასწავლიდა მათ მიწის კულტურულად დამუშავებას, ზრუნავდა მათი მგომარეობის გაუმჯობესებითვის. მთავრობას სთხოვდა, დაესახათ ღონისძიებები გლეხთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
იაკობ მარი გარდაიცვალა 1874 წელს. ის პირველი მეუღლის გვერდით, სოფელ ბუკისციხის ეკლესიის გალავანში დაკრძალეს. ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო სკოლა, რომელიც მარმა დააარსა და ხელმძღვანელობდა, ჯერ ტექნიკუმად, შემდეგ კი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტად გადაკეთდა.