“დღეს მე,  მაია გიორგაძე,  ორმაგად დაზარალებული ვარ” -მოქალაქე ამერიკიდან ბახმაროს თემას ეხმაურება

“გურიის მოამბეს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეკონომიკის განვითარების სამინისტროსა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს შორის მიმდინარე დავაზე ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში-რომელიც კურორტ ბახმაროში არსებულ მიწებს შეეხება – ამჟამად ამერიკაში, (ბრუკლინში) მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, მაია გიორგაძე ეხმიანება, რომელიც თავად გახდა ეკონომიკის განვითარების სამინისტროს უკანონო ქმედებების მსხვერპლი.

ბატონო, ვლადიმერ!  მოგესალმებით ამერიკის შეერთებული შტატებიდან, საქართველოს  მოქალაქე,  ჟურნალისტი, მაია გიორგაძე.

მინდა გამოვეხმაურო ბახმაროს ირგვლივ ატეხილ დაუმთავრებელ დავას, რომელიც 13 წელია გრძელდება და ფინალი არ აქვს, სადაც არც ერთ შემთხვევაში ჩემი სახელი და გვარი არ უნდა მოხვედრილიყო, მაგრამ შავმა პიარმა კარგად იმუშავა.

მოგახსენებთ, რომ 1995 წელში,  ჩოხატაურის რაიონის, კურორტ ბახმაროში, საკურორტო ზონაში, მახარაძის ქუჩაზე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ფართობზე, ჩვენმა ოჯახმა, დადგა ძველი ხეობით ნაშენები სახლი.

2007 წლის 15 სექტემბერის, პრეზიდენტის, 525-ე ბრძანებულების თანახმად, მოქალაქეებს მიეცათ საშუალება დაეკანონებინათ ის ქონება, რომელსაც 2007 წლამდე  ფაქტობრივ სარგებლობაში ფლობდნენ. სწორედ ამ დროს, მივმართე ჩოხატაურის მუნციპალიტეტის საკრებულოს ლეგალიზაციის კომისიას  და ყველა საჭირო მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ,  საკუთრების უფლების მოწმობით, უძრავი ქონება დავირეგისტრირე ჩემს საკუთრებაში.

ჟურნალისტმა, ნანა ლეჟავამ, თავის რეპორტაჟში, მოიტყუა და  გურიის ქუჩაზე მდებარე სხვის მფლობელობაში არსებული,   სამსართულიანი სახლი აჩვენა მაყურებელს, ვითომ  ის ჩემი, მაია გიორგაძის იყო, რეალობაში კი ჩემი სახლი, მახარაძის ქუჩაზე ასე გამოიყურებოდა. (იხ,ფოტო დანართი#1)

ამის შემდეგ 14.09.2010 წელში, ტელეფონით დამიკავშირდა გენერალური ინსპექციის თანამშრომელი, გურგენ გილაური, რომელმაც არც კი მომისმინა, რომ  არანაირი კავშირი არ მქონდა გურიის ქუჩასთან, არც რეკრიაციულ ზოლთან და არც ფეშენ ვილის მფლობელი ვიყავი, იძულებით და მუქარით მიმითითა მივსულიყავი ჩოხატაურის საჯარო რეესტრში და  ქონების მიტოვებაზე დამეწერა განცხადება. თან იქვე საუბრისას შემახსენა, რომ ,,არ დაგავიწყდეს სად მუშაობო’’.  მოგახსენებთ, რომ  იმ დროს ვმუშაობდი შსს აჭარა-გურიის პრესცენტრის უფროსად.

2012 წელში, როცა ,,ქართული ოცნება“ სათავეში მოვიდა  დავიწყე მსვლელობა ჩემი ქონების სამართლებრივ დაბრუნებაზე და პირველი საჩივარი შევიტანე პროკურატურაში, სადაც ჩამორთმეული ქონების დაბრუნების დეპარტამენტი დაარსდა. სწორედ ამ დროს ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც იქვე გავიგე, რომ ამ დეპარტამენტის უფროსი, გურგენ გილაური იყო და  ფლობდა იგივე ტელეფონის ნომერს, რომლითაც 2010 წელში დამემუქრა და იძულებით მიმატოვებინა ქონება.

მივხვდი, რომ პროკურატურიდან პასუხს ვერ მივიღებდი, რომელიც დღემდე არც მიმიღია და  მივმართე სასამართლოს.

ჩემს უფლებებს, სხვადასხვა ინსტანციებში ადვოკატი კახა ჩავლეშვილი იცავდა, რომელმაც გასწია გრანდიოზული შრომა ემი სიმართლის დასამტკიცებლად.

ეკონომიკის სამინისტროსთან, მრავალწლიანი სასამართლო პროცესებისა და დავის შემდეგ საბოლოოდ სამართალმა იზეიმა და   ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების და 2018 წლის 12 ნოემბრის საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ქონება დამიბრუნდა და ხელახლა დამიკანონდა, საჯარო რეესტრში,  კერძო საკუთრებაში.

რადგან სახლი წაქცევის პირას იყო, თან ამერიკაში ვაპირებდი წასვლას უზენაესი სასამართლოს, საბოლოო განჩინების საფუძველზე, მე და ჩემმა მეუღლემ, სოლომონ ლომთათიძემ, საქართველოს ბანკში, იპოთეკურად დავტვირთეთ, სოფელ ბახვის ქონება და 21.06.2019 წელში, საქართველოს ბანკიდან 10 წლის ვადით,  გამოვიტანეს სესხი 25000 ლარის ოდენობის  და ბახმაროში სახლს  ჩაუატარეთ სრული რემონტი, მთლიანობაში სახლის რემონტზე დახარჯული გვაქვს 50 000 ლარზე მეტი.

ამდენი ხნის დავის და გამარჯვების შემდეგ, ეკონომიკის სამინისტრომ  კვლავ დაიწყო ზემოდხსენებულ საქმეზე  სასამართლოში ჩივილი, სადაც მოტივად საქმეს ახალი გარემოებების აღმოჩენა დაუდეს საფუძვლად და  ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მაია გიორგაძეზე 2008 წლის 19 სექტემბერს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა #147.

ახლა კი, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო, მიმართავს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს,  რომ  ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმოს  02.05.2018  წლის გადაწყვეტილება და კვლავ წამართვან ქონება.

 

სასამართლო პროცესი გაიმართა  2023 წლის 31 მაისს, რომელიც არ დასრულებულა და გადაიდო.

დღეს მე,  მაია გიორგაძე,  ორმაგად დაზარალებული ვარ.  თუ უკანონოდ იყო დოკუმენტი გაცემული, რატომ მოხდა მისი დაბრუნება და ჩემზე  ხელახლი დაკანონება?  2013-2018 წლებში ჩემსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის სასამართლოში მიმდინარე დავის დროს, 6 წლის განმავლობაში, რატომ არ აღმოაჩინა და წარადგინა ახალი გარემოებები სასამართლოში ეკონომიკის სამინისტრომ? ასევე 12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარემ, შოთა სირაძემ, მოიხადა სასჯელი, რატომ მაშინ არ ჩათვალეს უკანონო ჩემი საკუთრების მოწმობა?  ე.ი გამოდის რომ მე მოატყუა, როგორც საჯარო რეესტრმა, ასევე სასამართლომ? და ვინ აგებს პასუხს ამდენ სულიერ ეკონომიურ თუ მორალურ ზარალზე? ვინ უნდა გასამართლდეს 13 წლის შემდეგ? ან კიდევ ამ თემაზე რამდენჯერ შეიძლება ჩატარდეს სასამართლო? 13 წლის განმავლობაში რატომ ვერ დაადგინა ეკონომიკის სამინისტრომ, უკანონოდ თუ კანონიერად იყო გაცემული საკუთრების მოწმობები?  რატომ უნდა გაეყალბებინა ლეგალიზაციის კომისიას ჩემი საქმე, როცა სახლი მამაპაპისეულია, ძველი მასალით ნაშენები, თან საკურორტო, დასახლებულ ზონაში მდებარეობს  და  ორთოფოტოში 2007 წლამდე, ჩანს იგი, რისი დაკანონების, კანონიერი უფლება მქონდა! როგორც ვიცით, გაყალბება მაშინ ხდება, როცა კანონი არ გაძლევს უფლებას, მაშინ ეძებს ადამიანი სხვა გზებს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, განა შეიძლებოდა ვინმესთან გარიგებაში შევსულიყავი?!
და თუ რეალობაში, მოხდა ისე, რომ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელმა, შოთა სირაძემ, რომლის კონტროლის არანაირი მექანიზმი მე არ გამაჩნდა, გამიყალბა საკუთრების მოწმობა, რაც გამორიცხულია, როდესაც იგი სასჯელს იხდიდა 2010-2015 წლებში,  მაშინ ეცნოთ ბათილად  ჩემი საკუთრების მოწმობა და ეკონომიკის სამინისტროს მოეცა შესაძლებლობა ჩემთვის, კვლავ დამეკანონებინა ჩემი ქონება!
როგორც ვიცი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, მაგრამ ეკონომიკის სამინისტრომ ეს შესძლო და კვლავ ქონების წართმევას მიპირებს. 13 წლის განმავლობაში  ეკონომიკის სამინისტრომ, ვერ დაადგინა უკანონოდ თუ კანონიერად იყო გაცემული საკუთრების მოწმობა.  აქედან გამომდინარე მიჩნდება საფუძვლიანი  ეჭვი, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართული პროვოკაციაა ჩემი მისამართით,  განა შეიძლება ერთი და იგივე თემაზე, 13 წელი ჩატარდეს  სასამართლო, 12 წლის შემდეგ, ახალი გარემოებები გამოჩნდეს, ხან მოვიგო და ხან წავაგო იგი? ან კიდევ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალონ?!

იმედს ვიტოვებ, რომ უზენაესი სასამართლო, 2018 წლის 2 მაისს მიიღებულ,  ობიექტური და გონივრული გადაწყვეტილებას, არ შეცვლის, ძალაში დატოვებს  და კვლავ ობიექტურად დაასრულებს თავის საქმეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share