კულტურის მინისტრი ამბობს, რომ გელათში მედიას არ უშვებენ, რადგან იუნესკოს ექსპერტებს მუშაობაში ხელს შეუშლიან:
“რატომ არ არის მედია დაშვებული გელათის ტერიტორიაზე, იმიტომ, რომ მაგალითისთვის, როდესაც მე გახლდით საქართველოს პარლამენტის წევრი, მედია არ მაძლევდა მუშაობის საშუალებას და მე მუდმივად მქონდა განცდა, რომ ვარ არა დეპუტატი, არამედ დაკვირვების ქვეშ მყოფი ზღვის გოჭი”, – თქვა თეა წულუკიანმა.
UNESCO-ს უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი გელათში მდგომარეობის შესწავლას 23 ივნისის დაიწყებს და 30 ივნისს დაასრულებს. უწყების განცხადებით, სწორედ უცხოელი ექსპერტების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, ქართველი სპეციალისტების ჩართულობით განისაზღვრება გელათის სამონასტრო კომპლექსში სამუშაოების შემდგომი სამოქმედო გეგმა.
კულტურის სამინისტრო ამბობს, რომ ექსპერტებს მისიის დასრულებამდე მედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობა არ ექნებათ და სავარაუდოდ მხოლოდ სამუშაოების შემდეგ, თბილისში დაბრუნებისას გააკეთებენ განცხადებას.