“„ოცნების“ სინდიკატისათვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ავადმყოფი პატიმარი პრეზიდენტის აბუჩად აგდება და თავისუფალი მედიის წიხლით ჩახშობაა”-გურული

“რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა, რომელიც განიცდის დიდ შინაგან, ფსიქოლოგიურ ტრავმას ახალი რეალობის გააზრების პროცესში. რუსეთმა აუცილებლად უნდა იგრძნოს, რომ იგი რჩება მნიშვნელოვან მოთამაშედ. ჩვენ ცხადია მოვიგებთ ახალ ცივ ომსაც, მაგრამ კრებითი ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე კარგად უნდა აცნობიერებდეს საკუთარი ინტერესების გავრცელების საზღვრებს”
( ჰენრი კისინჯერი )
————–
ეს განცხადება ჰენრი კისინჯერმა 2014 წელს, რუსების მიერ ყირიმის დაპყრობის შემდეგ გააკეთა; შესაბამისად, არაფერი გასაკვირი მის დღევანდელ გამოსვლაში არ ყოფილა. კისინჯერის დოქტრინა ეფუძნება მოსაზრებას, რომ რუსეთს უნდა ჰქონდეს თავისი პოლიტიკური გრავიტაციის ველი და რომ ამ ველში ამერიკამ (და ზოგადად დასავლეთმა) ცხვირი არ უნდა შეჰყოს. ძალიან კარგია, რომ მიხაილო პოდოლიაკმა ხაზგასმული უხეშობით უპასუხა კისინჯერს. საბედნიეროდ, უკრაინულ დიპლომატიას ამჟამად აქვს იმის ფუფუნება, რომ პირდაპირ თქვას ის, რასაც ფიქრობს.
ჰენრი კისინჯერი ძალიან გავლენიანი და პატივცემული პოლიტიკოსია დღესაც. ამერიკულ დიპლომატიურ წრეებში მისი არაერთი თაყვანისმცემელი და მოსწავლეა.
გახსოვთ ალბათ, ჯონ მაკკეინის დაკრძალვაზე ამერიკის პრეზიდენტებთან ერთად კისინჯერმაც წარმოთქვა თავისი გამოსამშვიდობებელი სიტყვა. კისინჯერის დოქტრინის მიმდევარია ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შეფი უილიამ ბარნსიც.
საინტერესო (და სასიამოვნო) სიურპრიზებს აგრძელებს პრეზიდენტი ბაიდენი. ის ყოველთვის ცნობილი იყო თავისი წამოცდენებით, მაგრამ მისი ამჟამინდელი მკვეთრი განცხადებები ძნელია წამოცდენების რანგში განვიხილოთ, რადგან მიუხედავად მისი გუნდისა და პოლიტ-ექსპერტების მკვეთრი კრიტიკისა, პრეზიდენტი მტკიცედ იცავს თავის პოზიციას. ადრე პუტინის მისამართით ნასროლი მკვეთრი რეპლიკა და გუშინ ტაივანის შესახებ გაკეთებული განცხადება ბაიდენს საშიშ უდისციპლინობად ჩაუთვალეს CNN-ზე მოწვეულმა ექსპერტებმა. დიდი ალბათობით, პრეზიდენტის გუნდშიც საკმარისად არიან კისინჯერის დოქტრინის მიმდევრები, რაც განაპირობებს უკრაინისათვის შედარებით მდორე და თავშეკავებულ დახმარებას.
სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ძველი ჰარვარდელია და იმ თაობას მიეკუთვნება, რომლებსაც დიდი სურვილი ჰქონდათ კისინჯერის გასამართლების ვიეტნამში (და არამარტო) ჩადენილი საომარი დანაშაულებებისათვის. „საოცარი ცრუპენტელა შესანიშნავი მეხსიერებით“ – ასე უწოდებს მას ცნობილი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი ქრისტოფერ ჰატჩინსი. შესაბამისად, შეიძლება ლოგიკური სპეკულირება, რომ ენტონი ბლინკენი არ წარმოადგენს კისინჯერის დოქტრინის მიმდევარს. ცნობილია, რომ ბლინკენმა თავისი სადიპლომო ნამუშევრისათვის ინტერვიუ სთხოვა კისინჯერს რუსეთის ტრანსციმბირული მაგისტრალის შესახებ. როგორც ბლინკენის ჯგუფელი და მეგობარი, „ვაშინგტონ-პოსტის“ ცნობილი ჟურნალისტი ჩარლზ ლეინი იხსენებს, კისინჯერის მიმართ უაღრესად ნეგატიურად განწყობილ ჰარვარდელებში ასეთი საქციელი აშკარად მიუთითებდა ბლინკენის ზომიერ პოლიტიკოსობაზე.
დიახ, ენტონი ბლინკენი უაღრესად ზომიერი და გაწონასწორებული პოლიტიკოსია და მითუმეტეს მნიშვნელოვანია მის მიერ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიმართ გაკეთებული მკვეთრი განცხადება. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა პირდაპირი ტექსტით აუხსნა ქართველებს, რომ დროა დატოვონ რუსეთის პოლიტიკურ-გრავიტაციული ველი და მოიქცნენ ისე, როგორც ეს ჭეშმარიტად დამოუკიდებელ და დემოკრატიულ ქვეყანას შეესაბამება.
ამ პოლიტიკურ კონტექსტს სერიოზული გააზრება სჭირდება ქართველი პოლიტიკოსების მიერ. არავის ეგონოს, რომ ჰენრი კისინჯერი შემთხვევით „ჩაბლაყუნდა“ დავოსში და თავისი განცხადებაც შემთხვევით გააკეთა. ეს ტესტი გახლდათ. საქართველო თავისი საეჭვო, ორაზროვანი ქცევებითა და დასავლელი პოლიტიკოსების მიმართ გამომწვევი, შეურაცხმყოფელი განცხადებებით მტკიცედ ამკვიდრებს იმ პოზიციას, რომ მოიაზრებოდეს რუსეთის გრავიტაციულ ველში, მაშინ როდესაც უკრაინასთან უპირობოდ გვერდზე მდგარმა მოლდოვამ პრაქტიკულად უკვე დაძლია ეს გრავიტაცია. ამის დასტურია დღეს მოლდავეთში ყოფილი პრეზიდენტის, მკვეთრი რუსეთუმე იგორ დოდონის დაპატიმრება სახელმწიფო ღალატის ბრალდებით.
ამრიგად, ბლინკენის განცხადება დიდი ალბათობით ბოლო გაფრთხილება იყო საქართველოსათვის და არა იმის მცდელობა, რომ რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება გამოეწვია, როგორც ეს „ოცნების“ პოლიტ-ექსპერტებმა და ლიდერებმა მოთარგმნეს. პასუხისმგებლიანი ქართველი პატრიოტი პოლიტიკოსი და ლიდერი დღეს ვაშინგტონში უნდა მიფრინავდეს სახელმწიფო მდივანის აპარატში შეხვედრების გასამართავად, მაგრამ „ოცნების“ სინდიკატისათვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ავადმყოფი პატიმარი პრეზიდენტის აბუჩად აგდება და თავისუფალი მედიის წიხლით ჩახშობაა.
საქართველო კი ამასობაში სულ უფრო ძლიერად შედის რუსულ გრავიტაციულ ველში, საიდანაც მოწყვეტა მალე პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება.
ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share