საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ნინო წილოსანის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნას საფუძველი არ აქვს.
მისი თქმით, პრემიერის გადადგომის მოთხოვნა პოლარიზაციის გაღრმავებას და რადიკალურ მიზნებს ემსახურება, რასაც არანაირი გამართლება არ აქვს.
ნინო წილოსანის განცხადებით, დეპოლარიზაცია ცალმხრივად ვერ მოხდება და მასში ყველა ჩართული მხარე უნდა მონაწილეობდეს.
„ამ აქციების დროს, ჩვენმა რადიკალურმა ოპოზიციამ, თუ მისმა დაქვემდებარებულმა ორგანიზაციებმა თავიანთი მხარდამჭერები სრულადაც რომ გამოიყვანონ, ეს ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ მმართველ გუნდს ქვეყნის მასშტაბით მეტი მხარდამჭერი ჰყავს. იმ რეკომენდაციების შესრულება, რაც სახელმწიფოს მიეცა, ჩვენი ვალდებულებაა და ჩვენ მიუხედავად ამ აქციებისა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე მუშაობა დაწყებული გვაქვს და როგორც აქამდე, ყოველ წელს და ეტაპობრივად ვუახლოვდებოდით ევროკავშირის ასევე, გავაგრძელებთ წლის ბოლომდე ამ პროცესს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
დეპუტატმა ასევე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტოს დადებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დეპოლარიზაციის მიზნის მიღწევის პროცესში პრეზიდენტის გადაწყვეტილება კონსტრუქციული ნაბიჯი არ არის.
„პრინციპში პრეზიდენტმა თავისივე განცხადებაში თქვა, რომ რადგან ვეტოს იურიდიულად მკაფიოდ ვერ ასაბუთებს, მან ამ ყველაფერს პოლიტიკური ელფერი მისცა. ასევე განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ასეთივე პოლიტიკური დაპირისპირების რეჟიმში იქნება და ყველა კანონპროექტს თუ კანონს ვეტოს დაადებს, რაც თავისთავად, მისი მხრიდან, დეპოლარიზაციის მიზნის მიღწევისას კონსტრუქციული ნაბიჯი არ არის“, – აღნიშნა წილოსანმა.