ქართველი ხალხი უკრაინის მხარდამხარ დგას, საქართველოს მთავრობა – არა – კრამერი

“საქართველოს მიერ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის დაბრუნების საუკეთესო გზა უკრაინის დახმარებაა”, – თქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დევიდ კრამერმა, ბრიუსელში მიმდინარე კონფერენციაზე, სადაც ოლიგარქებსა და რუსულ კავშირებზე მსჯელობენ.

მისივე თქმით,  უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანა, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას გამოიწვევს.

გარდა ამისა, კრამერმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა,  რომ ქართველი ხალხისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლება ომში მყოფი ქვეყნის  გვერდით არ დგას.

“საქართველოს მიერ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის დაბრუნების საუკეთესო გზა უკრაინის დახმარებაა. რუსული ჯარები უკრაინიდან უნდა გავიდნენ. ამ ქვეყნის რუსებისგან გათავისუფლება საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას გამოიწვევს. დასავლეთში არავის სურს საქართველო ომში ჩაითრიოს. არც ის სურთ ომის მასშტაბები გაიზარდოს. თავის მხრივ მნიშვნელოვანია რუსეთი დასუსტდეს და უკრაინამ გაიმარჯვოს. რა თქმა უნდა ეს რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება. საქართველოს აქვს უფლება თავისი მომავალი თავად აირჩიოს და განკარგოს.

ქართველები და საქართველოს მთავრობა ვალდებულია დადგეს უკრაინის მხარდამხარ, ქართველი ხალხი ასე იქცეოდა, საქართველოს მთავრობა – არა. შესაბამისად ისიც უნდა დაეხმაროს უკრაინის მთავრობას გამარჯვებაში. ეს იქნება სარგებელი არამხოლოდ რეგიონში არსებული ქვეყნებისთვის, არამედ თვით საქართველოსთვისაც. ქართველი ხალხი ევროკავშირს და ნატოს მხარს აქტიურად უჭერს. ისინი პროდასავლური იდეოლოგიას ატარებენ. ეს განასხვავებს მათ ხელისუფლებაში მყოფ მთავრობასთან. ქართველი ხალხი ქუჩაში გამოვიდა და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა. ეს დასავლეთთან შეერთების სურვილის მაჩვენებელია. თუ დემოკრატიული გზაზე მოძრაობა გაგრძელდება, მხარდაჭერაც უფრო და უფრო გაძლიერდება” – ამბობს კრამერი

კონფერენციის სახელწოდებით „ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი“, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ინიციატივით ტარდება.

კონფერენციის მონაწილეთა შორის არიან აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი, უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო, პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი თორნიკე გორდაძე და უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი.

ბანერზე კი, რომლითაც ანა ფოტიგამ კონფერენცია ტვიტერზე დააანონსა, მონაწილეების გარდა, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ფოტოა გამოსახული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share