“ოცნების” რეპრესიული კანონი – რას გეგმავს ივანიშვილი

“ქართული ოცნება” ამტკიცებს, რომ ოპოზიციის ასაკრძალად საკმარისი მტკიცებულებები აქვს და ამის მაგალითად აგვისტოს ომზე წულუკიანის კომისიის სხდომები მოჰყავს. ივანიშვილის გუნდი ამბობს, რომ სწორედ წულუკიანის კომისიის დასკვნა გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს მტიცებულების სახით, რის საფუძველზეც, იმედოვნებენ, რომ აღნიშნულს განახორციელებენ.

არის გამოძიება, არის, შესაბამისად, ამ მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გადაეცემა შემდეგ შესაბამის ინსტანციას და იქ მიიღებენ გადაწყვეტილებას და იქ, ვინც თქვენ ახსენეთ ამ ორგანიზაციებმა, როგორც თქვენ ახსენეთ, დაიცვას სააკაშვილი, როგორც დღემდე იცავენ, დაიცვას ის ბოროტების იმპერია და რეჟიმი, რაც 2003 ან 2012 წლამდე იყო, დაიცვას და გაამართლოს, – ამბობს ირაკლი ზარქუა. 

დავით მათიკაშვილი დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ენმ-ს გამამტყუენებლ განაჩენს გამოუტანს. მისი მტკიცებით, ამას ცხადყოფს სწორედ წულუკიანის კომისიის სხდომებიც.

აკრძალავს საკონსტიტუციო სასამართლო, მოსამართლემ უნდა შეაფასოს, რამდენად არის დამნაშავე ეს პოლიტიკური პარტია და რამდენად არ არის. ამ კუთხით მხოლოდ და მხოლოდ მტკიცებულებები უნდა წარვადგინოთ ჩვენ, თუმცა მტკიცებულებები ისეთია, რომ ამ შემთხვევაში, არ ვიცი, სხვა გადაწყვეტილებას როგორ გამოიტანს საკონსტიტუციო სასამართლო, მე არ ვიცი, როცა საბოლოო ჯამში, სასამართლოს გადასაწყვეტია და არა – ჩვენი.

მტკიცებულებებს ონლაინ რეჟიმში მთელი საზოგადოება აკვირდება და თქვენც რომ ჩართოთ შესაბამისი მიმღები და იქიდან მოისმინოთ საგამომძიებლო კომისიის სხდომები, ეს კითხვა აღარ დაგებადებათ  – ამბობს დავით მათიკაშვილი. 

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი — მათ შორის პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს.

კანონში ცვლილება პარლამენტში ქართულმა ოცნებამ წარადგინა.

საქართველოს კანონმდებლობით, პარტიის აკრძალვა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ქართული ოცნების მიერ “ქართული ოცნების” პარლამენტში რეგისტრირებულ კანონპროექტებს ეხმიანება და ამბობს, რომ მათი მიზანი ქვეყანაში ერთპარტიული, ავტორიტარული მმართველობის დამყარებაა.

საიას თქმით, ქართული ოცნების მიზანია პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება, რაც ეწინააღმდეგება პლურალისტური დემოკრატიის პრინციპს და არაპროპორციულად ზღუდავს არა მხოლოდ არსებული, არამედ მომავალში ახლადდაფუძნებული პარტიების საქმიანობას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share